გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის - ირაკლი კობახიძე
გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა გამოსვლა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე.
„მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას, მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში იმართება ეს სამიტი. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს. ასევე, ამ ფორმატში გვაქვს ხოლმე საშუალება, ბევრ ლიდერს გავესაუბროთ და ეს შესაძლებლობაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
08.05.2026.12:19
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.
დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.