კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია - პრემიერი
მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
პრემიერის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები.
„კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები. ბიზნესის ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. თუ ზედმეტად უხეში იქნება ჩარევა, შეიძლება მთლიანად ჩამოიშალოს ეს სექტორი და ასეთ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება ფასებზეც. საჭიროა ფრთხილი მიდგომა.
ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია და საზოგადოების ფართო ჩართულობა. დისკუსია გაიხსნა იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს მეტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე ჩამოვყალიბდეთ ოპტიმალურ მიდგომებზე. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი მიდგომები და ამის მაგალითია ძირითადი კალათის განსაზღვრა, სადაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოვახერხოთ ფასების შემცირება. გრძელვადიანი შეიძლება იყოს ზრუნვა მიწოდების ჯაჭვის დამოკლებაზე და შესაბამისად, ფასნამატის შემცირებაზე, რაც არის ერთ-ერთი დასკვნა, რაც კომისიამ შეიმუშავა. ასევე ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ ბაზრის მეტად გამჭვირვალობაზე, ესეც კომისიის ერთ-ერთი დასკვნაა. გამჭვირვალობა მოგვცემს პროცესებზე უკეთ დაკვირვების საშუალებას.
შეიძლება არსებობდეს გარკვეული კარტელური გარიგებების რისკი და ამის იდენტიფიცირება გამჭვირვალობის პირობებში უფრო მარტივი იქნება. ეს ხელს შეუწყობს სამართლიან კონკურენციას და ეს ყველა ბიზნეს მოთამაშის ინტერესში უნდა იყოს, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი წესების არსებობის. გამჭვირვალობა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათანადო მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება არასწორ პრაქტიკაზე, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არათუ არ უპირისპირდება ბიზნესის ინტერესებს, პირიქით, ბიზნესის ინტერესებთან შესაბამისობაშია, თუ ისინი მოქმედებენ სამართლიანი ინტერესებით და ვფიქრობ, რომ აქ პოზიციების შეჯერება არის აბსოლუტურად შესაძლებელი. მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ბაზრის მოთამაშეებს შორისაც, ქსელურ მარკეტებს შორისაც შეინიშნება ტენდენციები, მაგალითად მიწოდების ჯაჭვის დამოკლების ტენდენციები. თვითონ ზრუნავენ კონკრეტული ქსელების წარმომადგენლები იმაზე, რომ გარკვეული რგოლები შემცირდეს, რაც შეამცირებს ფასნამატს.
საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია შემცირდეს. თუ მოხდება ამ ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი, რაც აისახება ფასებზე. ჩვენ ვნახეთ გერმანიის პრაქტიკა და საწყობიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 30%-ს. ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რაც ასევე, კომისიამ დაადგინა. თუ ჩვენ ამ სტრუქტურულ პრობლემას დავძლევთ, ფასები აუცილებლად შემცირდება. ეს არის საშუალო ვადიანი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
08.05.2026.12:19
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.
დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.