მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია, ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის l პრემიერი
მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის და უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
„მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა, მოგეხსენებათ, უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც, თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით, წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და მთლიანად სამინისტროს დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის. მომავალი წლის სექტემბრიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრისა და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ
05.06.2026.11:59
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სან-ფრანცისკოს მერთან გამართული შეხვედრა შეაფასა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, ასევე იმ სიახლეზე, რომელიც გვაქვს სან-ფრანცისკოში - იცით, რომ იხსნება ინოვაციების ჰაბი, რომელიც იმუშავებს აქ, ამ ქალაქში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, იმისათვის, რომ სრული ხელშეწყობა ჰქონდეს ჩვენს გენერალურ საკონსულოს და ინოვაციების ჰაბს სან-ფრანცისკოში," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური წარმოჩენა ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრში.
„აქ არის უამრავი შესაძლებლობა ქართული, ასევე ამერიკული ბიზნესებისთვის, რომ საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი ამ ქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ეს შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა," - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი ადასტურებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეინიშნება.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება სწორედ იმ დამოკიდებულების, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ის ძლიერი გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ არის იმედისმომცემი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს ისეთ ნიშნულზე, რომელსაც იმსახურებს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.