პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.
„ბოლო პერიოდში ენერგორესურსებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ფაქტორებით არის გამოწვეული - კერძოდ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარებით. შესაბამისად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აღნიშნულ კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები იყო საწვავზე, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში საწვავის ფასების ზრდა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სხდომის დასაწყისში.
სხდომაზე მოწვეული კომპანიების: „გალფ ჯორჯია", „ვისოლ ჯგუფი", „რომპეტროლ საქართველო", „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი", „ლუკოილ ჯორჯია", „ქონექთ ჯორჯია" და საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია წარადგინეს და კაპიტალურ, საოპერაციო ხარჯებზე, ასევე საბიუჯეტო გადასახადებზე ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა და საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, იმპორტირებული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანისას საწვავის ფასს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული გადასახადები - დამატებული ღირებულების და აქციზის გადასახადები, ლოგისტიკის, დისტრიბუციისა და საბანკო მომსახურების ხარჯები ემატება, რაც საწვავის საბოლოო ფასს წარმოქმნის. შესაბამისად, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, კომპანიების წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს. მათი თქმით, ნავთობპროდუქტების ინდუსტრია ყველაზე მაღალკონკურენტუნარიანი ბიზნესია და კომპანიები საწვავის ფასებს კონკურენტული გარემოს შესაბამისად ადგენენ.
სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს, რომლებიც საწვავის ფასების ბოლო ორი თვის დინამიკას, ნავთობპროდუქტების რეზერვების მოცულობას, ბენზინგასამართი სადგურების ოდენობას, იქ დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებას, ასევე ქსელებში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და საწვავის ფასებზე მოქმედ ფაქტორებს შეეხებოდა.
ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა.
„შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა. აღინიშნა, რომ ფასების ჩამოყალიბებაში ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი მონაწილეობს - საერთაშორისო ფასები და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ნავთობპროდუქტებზე ფასების სწრაფმა ზრდამ სექტორში საწვავის ფასების ზრდა განაპირობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასები უფრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ვიდრე საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდება და საერთაშორისო ენერგორესურსებზე ფასები კლებას დაიწყებს. მომხმარებლებისთვის საწვავის ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს ტრანსპორტის, ლოგისტიკის ღირებულებას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ინფლაციურ წნეხს ქმნის. კომისია შეისწავლის ნავთობკომპანიების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომლებიც კომისიის დასკვნაში აისახება", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია თავის დასკვნას 1 მაისს წარადგენს.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
30.04.2026.18:06
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც აქტიურად ვითარდება. ხაზგასმით აღინიშნა გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობას, ასევე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო რეჟიმისა და ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი სტიმულირებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.