პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ურბანულ სამიტში, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან პარტნიორობით, ბაქო მასპინძლობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალურ საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
08.06.2026.15:31
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.