საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრისა და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ
05.06.2026.11:59
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სან-ფრანცისკოს მერთან გამართული შეხვედრა შეაფასა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, ასევე იმ სიახლეზე, რომელიც გვაქვს სან-ფრანცისკოში - იცით, რომ იხსნება ინოვაციების ჰაბი, რომელიც იმუშავებს აქ, ამ ქალაქში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, იმისათვის, რომ სრული ხელშეწყობა ჰქონდეს ჩვენს გენერალურ საკონსულოს და ინოვაციების ჰაბს სან-ფრანცისკოში," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური წარმოჩენა ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრში.
„აქ არის უამრავი შესაძლებლობა ქართული, ასევე ამერიკული ბიზნესებისთვის, რომ საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი ამ ქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ეს შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა," - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი ადასტურებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეინიშნება.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება სწორედ იმ დამოკიდებულების, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ის ძლიერი გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ არის იმედისმომცემი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს ისეთ ნიშნულზე, რომელსაც იმსახურებს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.