სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას - ირაკლი კობახიძე
დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს.
„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.
დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
08.06.2026.15:31
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.