ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას.
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო 2024-2025 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელშიც ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგები წარმატებით დანერგა. აღინიშნა, რომ ხსენებულმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი, ასევე საარჩევნო პროცესის ეფექტიანობა და სისწრაფე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან სალომე დუნდუასთან და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელ მაია ტორაძესთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა არსებული პროექტები, მათი შედეგები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ რექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ თსუ ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი იყო, რომელიც საარჩევნო სამართლის კურსის ინტეგრირების პროცესში ჩაერთო, წლიდან წლამდე კი მზარდია კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა. შეხვედრას ცესკოს მხრიდან ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს, ხელს უწყობს როგორც საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისე ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2010 წლიდან შემოუერთდა მემორანდუმს და დღეს სწორედ თსუ-ში გვქონდა საჯარო ლექცია ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. დღეს ასევე შევხდით თსუ-ს რექტორს, რომელთანაც განვიხილეთ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“.
თავის მხრივ თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„უპირველესად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, რომ ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრა გამართა ჩვენს სტუდენტებთან. ამ შეხვედრამ აჩვენა რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან საარჩევნო სამართლის მიმართ. აუცილებელია საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის დამკვიდრება და ზოგადად, ქვეყანაში, პოლიტიკური კულტურისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო კულტურის გაზრდა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები.
ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში. დღემდე პროექტში მონაწილეობა 9 900-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც ნათლად ასახავს პროექტის მდგრადობასა და მის მნიშვნელოვან როლს საარჩევნო განათლების განვითარებაში.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
15.05.2026.14:07
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანი სამშენებლო სექტორის გაძლიერება, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.
როგორც მთავრობის მეთაურმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და აღნიშნულში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.
„დღეს, ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს არსებულ ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ამ მიმართულებით, სექტორში ჩართულ კომპანიებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.
ცვლილებების ფარგლებში, იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.