2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების განცხადებაში წერია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა.
საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას, გადაამოწმონ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება. მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის მცდარ წარმოდგენებს არსებული რეალობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მუზეუმების საერთაშორისო დღეს სებ-ის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნება
15.05.2026.16:29
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნები" მოეწყობა.
გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს - 18 მაისს გაიხსნება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის ფარგლებში მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921) სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ კორპორატიულ ფულის ნიშნებსა და ანგარიშსწორების საშუალებებს გაეცნობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი დაარსდა თბილისში 2001 წელს, 2012 წელს კი ქალაქ ყვარელში, ქართული საბანკო საქმის ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში იქნა გადატანილი.
ფულის მუზეუმი გამორჩეულია იმით, რომ აქ გამოფენილია საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები, მათ შორის კოლხური თეთრი, ქართველ მეფე-მთავართა მიერ მოჭრილი, ასევე ბიზანტიური, არაბული, ირანული, ოსმალური, ევროპული და სხვა უცხოური ფულის ნიშნები. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ქართულ ბონებს და, ასევე, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის დამზადების და მიმოქცევის ისტორიას, წარმოდგენილია ლარის ესკიზები, ნიმუშები და ბეჭდვის მასალები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას კოლხური თეთრიდან ლარამდე და ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ საკოლექციო მონეტებს.
მუზეუმი ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00 -18:00 საათამდე მასპინძლობს.