აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადებას გეგმავს. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტრენინგების დროს გიდები შეისწავლიან ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტებს, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებისთვის დაგეგმილია პრაქტიკული, საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში და იქ არსებული ბიომრავალფეროვნების, ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.
დაცული ტერიტორიების გიდების მოსამზადებელ ტრენინგ-პროგრამაში მიღება 11 მაისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ერთ უცხო ენას (ბ2 დონე), გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ მზაობას ჩაატარონ ტურები დაცულ ტერიტორიებზე.
მსურველებმა რეგისტრაცია სერვისის სამსახურის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგის მონაწილეებს გასაუბრების შედეგად შეარჩევს. ტრენინგები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება.
სხვა სიახლეები
კურორტი გოდერძი - უტყისუბნის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
27.04.2026.13:56
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.