ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.