ComCom და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმებას ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.
შეთანხმების გაფორმების პირველივე დღეს, ComCom-ის ორგანიზებით 100-მდე სტუდენტისთვის საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით, ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის, ნამდვილი ამბისგან გარჩევისა და რეალური ინფორმაციის დადგენის მეთოდებს, ასევე, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის განსხვავებებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების მნიშვნელობა; საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები; ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით ComCom-ის როლი და განხორციელებული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიაწიგნიერება უკვე დანერგილია და სტუდენტებისთვის არჩევით საგნად ისწავლება. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობენ ხელს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემურ ინტეგრირებას სტუდენტებისა და ლექტორებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებების სახით. ამასთან, კომუნიკაციების კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, დამატებით თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს გამართავს.
მედიაწიგნიერების შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ორ უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.