Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევ
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველო წელიწადის ამ დროს მთის ჰაერის, ვენახებით დაფარული ველებისა და კომპაქტური ქალაქების ნაზავია, სადაც ჩამოსვლის შემდეგ მოგზაურობას დიდი დაგეგმვა არ სჭირდება. მაისში ქვეყანაში უკვე ნამდვილი გაზაფხულია: თბილისში ტემპერატურა 15–25°C-ია, კავკასიონის მაღალმთიან რეგიონებში კი უფრო გრილა და თოვლის დნობისგან ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული,“ - წერს Conde Nast Traveller-ის ჟურნალისტი.
სტატიაში აღწერილია თბილისი, ქალაქის ისტორიული უბნები და ტურისტული მარშრუტები. საქართველოს დედაქალაქთან ერთად Conde Nast Traveller მკითხველს რეგიონებში მოგზაურობასაც ურჩევს.
„თბილისიდან მოგზაურები ხშირად მიემართებიან ჩრდილოეთით, ყაზბეგის მიმართულებით. მაისში ხეობა მთლიანად გამწვანებულია, ტემპერატურა 10–20°C-ის ფარგლებშია, რაც კომფორტულ პირობებს ქმნის ლაშქრობისთვის. გერგეტის სამების ტაძრამდე ასასვლელი სალაშქრო ბილიკი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, სადაც ცვალებადი ღრუბლოვანი პეიზაჟები იშლება“,- აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში ასევე აღწერილია კახეთის რეგიონში მდებარე საოჯახო მარნები ღვინის დეგუსტაციებით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - მცხეთა და უფლისციხე.
პუბლიკაციაში, საქართველოსთან ერთად, ნეპალი, შრი-ლანკა და ბუტანია დასახელებული.
სხვა სიახლეები
ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა
13.05.2026.14:26
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს.
ტრენინგებში VII-XII კლასების 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ, მათ შორის ყურადღება გამახვილდა მეწყერის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და სხვა კატასტროფული მოვლენების დროს სწორი ქცევის წესებზე, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სხვების დახმარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. აღნიშნული აქტივობები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.