ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის" შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განახორციელეს. კერძოდ, აღმოჩენილი იქნა 30 მილიონი ლარის ღირებულების განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტამფეტამინი".
შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელში განთავსებული ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 103 კილოგრამამდე ,,მეტამფეტამინი" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტომობილი საქართველოში სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,სადახლო საავტომობილოდან" შემოვიდა და ბულგარეთის მიმართულებით ცდილობდა გადაადგილებას.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, საწარმოო დანიშნულების ქიმიური ნივთიერების - კაუსტიკური სოდის (ნატრიუმის ჰიდროქსიდი) გრანულირებულ ფრაქციასთან მიმსგავსებული ფხვნილის სახით, წინასწარ დამზადებულ ტომარებში იყო განთავსებული.
შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი.
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის - თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
06.05.2026.14:36
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის, სტუ-ის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და საუნივერსიტეტო Fab Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ოთხი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციისა და გამოგონების ავტორის, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატის - თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პროფესორ თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი თემური იყო მეცნიერი და ინჟინერი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა, საავტორო ნოვაციები და გამოგონებები გამორჩეულად აისახა ქართული საავიაციო ინჟინერიის განვითარებაზე. სწორედ მისი ინოვაციური აზროვნება და სამეცნიერო მიღწევები გახდა დარგში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილების დაგეგმვა-განხორციელების საფუძველი.
ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას - როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ ავიასაინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თემურ მაისურაძის პროფესიული მემკვიდრეობა, რაც ფასდაუდებელია სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, სამომავლოდაც გაუკვალავს გზას ახალი თაობის ავიაინჟინრებსა და მკვლევრებს.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.