ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა
ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.
თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.
აღსანიშნავია, რომ, აღიარების შემდგომ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
აღნიშნული აღიარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი მიმართულებებით გატარებული რეფორმების შედეგია. ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით და არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; სამინისტრომ დაამტკიცა ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები დააწესა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.