გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პლასტმასის მოხმარებით გამოწვეული გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ და ისაუბრეს იმ პრაქტიკულ გზებზე, რომლებიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასის ნარჩენების შემცირების მნიშვნელობას, გადამუშავების პროცესს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მდგრადი, ეკომეგობრული ჩვევების დანერგვას. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს და რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპებს.
მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში, ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც განაგრძობს გარემოსდაცვითი განათლების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, რაც ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში - სემეკის თავმჯდომარე
08.06.2026.14:30
„რამდენიმე თვალსაზრისით, 2026 წელი სემეკისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი პერიოდია“, ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, სემეკი მიმდინარე ზაფხულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორში ახალი საინვესტიციო განაცხადების მიღებას დაიწყებს და მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმებს შეაფასებს.
„ჩვენ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში, ვინაიდან წყალმომარაგების სექტორში ჩვენს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული ინვესტიციების ვადა არის მიმდინარე წლის ბოლომდე. ამიტომაც ჩვენ პერიოდულად უკვე არსებული და ჩადებული ინვესტიციების მონიტორინგს ვახორციელებთ, მაგრამ ამავდროულად შევაფასებთ ამ ჩადებულ ინვესტიციებს და მის ეფექტს და პლუს მომავალ სამწლიან პერიოდზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე ვიმსჯელებთ, რათა მდგომარეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის სექტორში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი წელი იმით, რომ 22-23 სექტემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმს, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც აქტუალურ ფაზაშია. უკვე ძალიან ბევრი ენერგეტიკული ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი მარეგულირებელი უწყებები, კვლევითი ინსტიტუტები რეგისტრირდებიან და შესაბამისად აქვთ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაესწრონ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ასევე ჩვენ ეტაპობრივად ვხვეწთ მარეგულირებელ აქტებს, ნორმებს, ვგეგმავთ არა ერთ სიახლეს, მათ შორის მომხმარებელთა ძალიან ბევრი სერვისის ელექტრონულ პლატფორმებზე კიდევ უფრო მეტად გადატანასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო იშვიათად მოუწიოს ენერგეტიკული ორგანიზაციების ოფისში სტუმრობა და მან ყველა სერვისი და შესაძლო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად შეძლოს. ასე რომ, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება ამ თვალსაზრისით და ვაცნობთ ჩვენს აბონენტებს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.