GITA - ს პროგრამების დახმარებით, საქართველოში 15,000-ზე მეტმა ადამიანმა განავითარა IT უნარები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კვალიფიციური ციფრული სამუშაო ძალის ზრდას l ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „Skills for Change” წარდგენაზე აღნიშნა, რომ კადრების ბაზის გაძლიერება GITA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მსოფლიო ბანკის ანგარიში აანალიზებს, თუ როგორ აყალიბებს სამი გლობალური მიმართულება საქართველოს შრომის ბაზარსა და საჭირო კვალიფიკაციებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც შრომითი უნარების დეფიციტით არის განპირობებული.
GITA - ს თავმჯდომარემ დამსწრე აუდიტორიას ამ მიმართულებით მთავრობის და სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გაუზიარა. აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურად ახორციელებს ინიციატივებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ICT კადრების განვითარების პროცესში.
“დღემდე, ამ ინიციატივების ფარგლებში, დაახლოებით 15,000-მდე ადამიანმა განავითარა IT უნარები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში კვალიფიციური ციფრული სამუშაო ძალის ზრდას.” - აღნიშნა GITA - ს თავმჯდომარემ.
ავთანდილ კასრაძემ ასევე ხაზი გაუსვა დამწყები IT სპეციალისტების მხარდასაჭერ სასწავლო და საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამებს, რომლებიც გლობალური ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით და მიზნად ისახავდა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტის გადამზადებას მოთხოვნად ICT მიმართულებებში.
GITA - ს თავმჯდომარემ საქართველოში ოთხი საერთაშორისო აქსელერატორის შემოსვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ და რეგიონულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.
პანელური დისკუსიის მსვლელობისას, ავთანდილ კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კომპლექსურ მიდგომას იყენებს AI-ზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის სამუშაო ძალის მოსამზადებლად. სწორედ ამ მიზნით ვითარდება ეროვნული, სახელმწიფო AI სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ხუთ ძირითად მიმართულებას. ამ ყველაფერს კი გააერთიანებს „Excellence” ცენტრი, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ბაზაზე შეიქმნება. როგორც მან აღნიშნა, მთავარი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სრულად მოხდეს ქართულ ეკონომიკაში, რათა მივიღოთ უფრო მეტი ეფექტი, მათ შორის დასაქმების ნაწილშიც.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახორციელებს
29.04.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 10 934.8 ათასი დოლარის ღირებულების 19 988.7 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებლები კი გასული ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 4%-იან კლებას აჩვენებს. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 20 866.1 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. საქართველოში იმპორტირებული შაქრის 43% ქვეყანაში პოლონეთიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახორციელებს:
• პოლონეთი - 8 539.0 ათასი დოლარი;
• საფრანგეთი - 6 402.2 ათასი დოლარი;
• ნიდერლანდები - 2 776.0 ათასი დოლარი;
• ბელგია - 1 402.5 ათასი დოლარი;
• გაერთიანებული სამეფო - 780.0 ათასი დოლარი;