გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გზა ქალაქ გურჯაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყება, სოფელ ჭაბუკიანზე გადის და ამავე სოფლის აღმოსავლეთით მთავრდება.
პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა: გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ახალი წყალგამტარი მილები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედელი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ერთი ხიდიც.
განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო კავშირს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 24.4 მილიონი ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
„მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ – GITA - ს ორგანიზებული საგანმანათლებლო პროექტი ფოთში გაგრძელდა
04.05.2026.15:07
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” მორიგი შეხვედრა ქალაქ ფოთში, ახალგაზრდული ინოვაციების ჰაბში გაიმართა. ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ღონისძიების დამსწრეებმა მოისმინეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, ასევე გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას. შეხვედრის დასასრულს 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
“ინოვაციების დანერგვა ყველაზე ეფექტურია იქ, სადაც ბიზნესი და ინდუსტრია ძლიერია. ფოთი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია. მოხარული ვართ, რომ ღონისძიებას ფოთში ბევრი ახალგაზრდა დაესწრო. იმედია, ისინი დაინტერესდებიან სააგენტოს პროექტებით და მათი აქტიური ბენეფიციარები გახდებიან.” - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში ჩატარდება და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.
პროექტის პარტნიორები არიან - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, ალტა, გამომცემლობა "ლურჯი ოკეანე", კომპანია “ნატახტარი” და "ჩემპი".