ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება
ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით The Middle Corridor: From Reliable to Impactful მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ფორუმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 22-23 ოქტომბერს ჩატარდება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
ნურლან საურანბაევს ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე 2025 წლიდან 30 ივნისიდან მუშაობს, მანამდე მას ყაზახეთის მრეწველობისა და ახალი ტექნოლოგიების სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის" ინიციატივაში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შეიკრიბებიან. ფორუმის ინკლუზიური გარემო ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის, ასევე შესაძლებლობებს შექმნის საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის.
ფორუმი პირველად 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და უკვე იქცა საერთაშორისო ბრენდად. მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით - აბრეშუმის გზის ფორუმი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.