მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი“ აღმოაჩინეს. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სხვა სიახლეები
მუზეუმების საერთაშორისო დღეს სებ-ის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნება
15.05.2026.16:29
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნები" მოეწყობა.
გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს - 18 მაისს გაიხსნება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის ფარგლებში მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921) სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ კორპორატიულ ფულის ნიშნებსა და ანგარიშსწორების საშუალებებს გაეცნობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი დაარსდა თბილისში 2001 წელს, 2012 წელს კი ქალაქ ყვარელში, ქართული საბანკო საქმის ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში იქნა გადატანილი.
ფულის მუზეუმი გამორჩეულია იმით, რომ აქ გამოფენილია საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები, მათ შორის კოლხური თეთრი, ქართველ მეფე-მთავართა მიერ მოჭრილი, ასევე ბიზანტიური, არაბული, ირანული, ოსმალური, ევროპული და სხვა უცხოური ფულის ნიშნები. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ქართულ ბონებს და, ასევე, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის დამზადების და მიმოქცევის ისტორიას, წარმოდგენილია ლარის ესკიზები, ნიმუშები და ბეჭდვის მასალები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას კოლხური თეთრიდან ლარამდე და ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ საკოლექციო მონეტებს.
მუზეუმი ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00 -18:00 საათამდე მასპინძლობს.