მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.
დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.
რეფორმა მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.
ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.
აღნიშნული ცვლილებები სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ხარისხიანი, მდგრადი და დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
მუზეუმების საერთაშორისო დღეს სებ-ის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნება
15.05.2026.16:29
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნები" მოეწყობა.
გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს - 18 მაისს გაიხსნება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის ფარგლებში მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921) სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ კორპორატიულ ფულის ნიშნებსა და ანგარიშსწორების საშუალებებს გაეცნობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი დაარსდა თბილისში 2001 წელს, 2012 წელს კი ქალაქ ყვარელში, ქართული საბანკო საქმის ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში იქნა გადატანილი.
ფულის მუზეუმი გამორჩეულია იმით, რომ აქ გამოფენილია საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები, მათ შორის კოლხური თეთრი, ქართველ მეფე-მთავართა მიერ მოჭრილი, ასევე ბიზანტიური, არაბული, ირანული, ოსმალური, ევროპული და სხვა უცხოური ფულის ნიშნები. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ქართულ ბონებს და, ასევე, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის დამზადების და მიმოქცევის ისტორიას, წარმოდგენილია ლარის ესკიზები, ნიმუშები და ბეჭდვის მასალები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას კოლხური თეთრიდან ლარამდე და ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ საკოლექციო მონეტებს.
მუზეუმი ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00 -18:00 საათამდე მასპინძლობს.