მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი კიდევ ორ ქუჩაზე მოეწყობა
წყალარინების ქსელის პრობლემა მუხიანის დასახლებაში კიდევ ორი - კალაუბნისა და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს მოუგვარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, წყალარინების ქსელის მოწყობა დაგეგმილია ამავე დასახლებაში, გომბორისა და ერთობის ქუჩებზეც.
„სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ამ დრომდე არ არსებობდა, 3 600-ზე მეტ გრძივ მეტრზე მოეწყობა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა შესაბამის პროვაიდერ კომპანიებს.
„გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მოშლილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობდა, შესაბამისად მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ ემსახურებოდა. წლების წინ აღნიშნული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ხდება დაქსელვა - კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. მადლობა პროვაიდერ კომპანიებს თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
13.05.2026.15:00
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან, 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზესაავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.
„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.