სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების თოვლისგან გაწმენდა, თუმცა სამუშაოები შიდა გზებსა და ჩიხებშიც მიმდინარეობს.
„ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია. როგორც კერძო ავტომობილები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადაადგილდება შეუფერხებლად. ინტენსიური თოვის გამო, გვაქვს გარკვეული პრობლემები. შემოერთებულ ტერიტორიებზე არის ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. რასაკვირველია, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, თუმცა პარალელურად მიდის შიდა გზების წმენდაც. სამუშაოები ისევ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მადლობა „თბილსერვისის“ თანამშრომლებს, გამგეობებს, კონტრაქტორ კომპანიებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ს და ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში“, - განაცხადა მერმა.
მანვე მოუწოდა ავტომობილების მძღოლებს, თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.
თავის მხრივ, მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ 24-საათიან რეჟიმში გრძელდება მუშაობა, რომელშიც „თბილსერვის ჯგუფის“ გარდა, ჩართული არიან გამგეობები და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და მათი კონტრაქტორი კომპანიები.
„უწყვეტ რეჟიმში ვწმენდთ ცენტრალურ გზებს და შევდივართ შიდა გზებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით შემოსულ ყველა თხოვნაზე ხდება რეაგირება. ბუნებრივია, მთელი თბილისის მასშტაბით ყველა ქუჩისა და ჩიხის დასუფთავება შეუძლებელია, თუმცა ეტაპობრივად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მივდივართ ყველგან. მზად ვართ, ქალაქის მოსაწესრიგებლად და მოსახლეობის დასახმარებლად 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.