საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული Condor Airlines ბრუნდება
2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
Condor Airlines-ის დაბრუნება ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მუდმივად მიდის პროაქტიული მუშაობა, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოში ფრენების დაწყებით.
ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. 2025 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი-სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2025 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია 60 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
სხვა სიახლეები
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
02.04.2026.15:37
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ცენტრი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის დირექტორმა თეა ჩანადირმა ცენტრის გარემო დაათვალიერებინა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აბილიტაციის იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ბენეფიციარები
იღებენ.
ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ ყურადღება აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპებზე, მათ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იმ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართულნი. ამჟამად პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს
, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას უკვე 2700 ბენეფიციარი იღებს.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რათა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სერვისი მაღალი ხარისხით იყოს მიწოდებული“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.