საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი, მე-10 სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კომერციული სექტორებიდან, ასევე - არაწევრი დაინტერესებული პირები კომერციული ბანკებიდან და საჯარო უწყებებიდან.
2025 წლის საქმიანობის შედეგების წარდგენამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ და სებ-ის საბჭოს წევრმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემურ ხომერიკმა კომიტეტის წევრებს წლის განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ჩართულობისა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო 2025 წელს განხორციელებული პროექტები, სადაც ნათლად გამოიკვეთა როგორც საერთო, ისე ცალკეული ორგანიზაციების წვლილი ფინანსური განათლების მიმართულებით.
კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება და ისაუბრეს 2026 წლის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
მონაწილეთა მიერ შეთანხმებული გეგმებისა და ორიენტირების შესაბამისად, 2026 წლის აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სამუშაო პროცესი, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, უკვე სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდება. კომიტეტის შემადგენლობაც ახალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახლდება.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პირველი ვერსია 2016 წელს დაამტკიცა. 2023 წელს კი საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების ფონზე განახლებული ვერსიაც მიიღო. აღნიშნული სტრატეგია ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს, განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ხელს უწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობას. ამასთან, მოიცავს ყველა სამიზნე ჯგუფს, მათზე მორგებული პროექტების მდგრადობისა და განგრძობადობის გზით.
სტრატეგიის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან დაკავშირებული მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და მისი მხარდაჭერის მიზნით კომიტეტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ იკრიბება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა
16.10.2026.17:12
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.
საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.
“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.