საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, დღეს გაიმართება
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათოლიკოსს გამოარჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.
სანამ ეპისკოპოსები არჩევანს გააკეთებენ, პატრიარქობის კანდიდატებს და დელეგატების ნაწილს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა ექნება. ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, გამარჯვებულად ჩაითვლება. ხმების სხვაგვარი გადანაწილების შემთხვევაში, ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება. პატრიარქის არჩევის პროცესს ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 დელეგატი დაესწრება. კენჭისყრის შედეგები დღესვე გამოცხადდება. შესაბამისად, საქართველოს ეკლესიას დღეიდან ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება. მისი ინტრონიზაციის თარიღთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება უკვე თავად გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს.
სხვა სიახლეები
ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში - სემეკის თავმჯდომარე
08.06.2026.14:30
„რამდენიმე თვალსაზრისით, 2026 წელი სემეკისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი პერიოდია“, ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, სემეკი მიმდინარე ზაფხულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორში ახალი საინვესტიციო განაცხადების მიღებას დაიწყებს და მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმებს შეაფასებს.
„ჩვენ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში, ვინაიდან წყალმომარაგების სექტორში ჩვენს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული ინვესტიციების ვადა არის მიმდინარე წლის ბოლომდე. ამიტომაც ჩვენ პერიოდულად უკვე არსებული და ჩადებული ინვესტიციების მონიტორინგს ვახორციელებთ, მაგრამ ამავდროულად შევაფასებთ ამ ჩადებულ ინვესტიციებს და მის ეფექტს და პლუს მომავალ სამწლიან პერიოდზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე ვიმსჯელებთ, რათა მდგომარეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის სექტორში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი წელი იმით, რომ 22-23 სექტემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმს, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც აქტუალურ ფაზაშია. უკვე ძალიან ბევრი ენერგეტიკული ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი მარეგულირებელი უწყებები, კვლევითი ინსტიტუტები რეგისტრირდებიან და შესაბამისად აქვთ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაესწრონ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ასევე ჩვენ ეტაპობრივად ვხვეწთ მარეგულირებელ აქტებს, ნორმებს, ვგეგმავთ არა ერთ სიახლეს, მათ შორის მომხმარებელთა ძალიან ბევრი სერვისის ელექტრონულ პლატფორმებზე კიდევ უფრო მეტად გადატანასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო იშვიათად მოუწიოს ენერგეტიკული ორგანიზაციების ოფისში სტუმრობა და მან ყველა სერვისი და შესაძლო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად შეძლოს. ასე რომ, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება ამ თვალსაზრისით და ვაცნობთ ჩვენს აბონენტებს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.