საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, ხოლო 52% ქალი - საქსტატი
საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
„2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან
შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.
აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 452) და
დადებითი მიგრაციული სალდო (17 127).
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 62.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 887.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 2 053.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 50 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 50 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით“, - აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.