თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, 13 მაისი ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.
„პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა! 13 მაისი ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში, რეინშტადიონზე, იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ყველას გვახსოვს ეს საამაყო დღე, თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის მიერ ჩატარებული დიდებული მატჩი და ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები. ჩვენი უფროსი თაობა იმდენად შთამბეჭდავად იხსენებს 1981 წლის 13 მაისის საღამოს, რომ შეუძლებელია, ცოცხლად არ განიცადო მაშინდელი ემოციები იმგვარად, თითქოს ყველა მონაწილენი ვიყავით იმ დიდი სიხარულისა, რომელმაც იმ დღეს მთელი საქართველო გააერთიანა.
ამ სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭება კიდევ ერთი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ახსოვდეთ ეს დღე და ეს გამარჯვება და ჰქონდეთ რწმენა, რომ სურვილით, მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და რომ სპორტში მიღწეულ გამარჯვებებს ერის ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა მიიღო.
„13 მაისი ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის პატივსაცემად. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ სკვერს დაერქვა 13 მაისის სახელი და დღეს გაიმართა ოფიციალური გახსნა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს წევრები, სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და 1981 წლის 13 მაისის ისტორიული მატჩის მონაწილე ფეხბურთელები.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.