ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კმ21-კმ28-ზე მდებარეობს და მდინარე სხალთისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება.
პროექტი გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ასფალტის საფარის დაგებას. ასევე, მოეწყობა გვერდულები, კიუვეტები, მიერთებები, საყრდენი კედელი, საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების მარეგულირებლები.
პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარით ფინანსდება.
სხვა სიახლეები
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სგპ ,,სარფში" განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
11.05.2026.11:22
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღკვეთეს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კოკაინი", ასევე 145 კაფსულა (მათ შორის სხეულზე მალულად განთავსებული 44 კაფსულა) და 50 გრამი ფხვნილის სახით დაფასოებული სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება.
აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.