12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
500 Global-ის ინიციატივით, GITA-თან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა. აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობა 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის მქონე სტარტაპმა მიიღო.
პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, Demo Day-ზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს:
• AdMagica.ai - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით.
• Adsmom - ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.
• Callsy AI - AI გაყიდვების პირველი აგენტი, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს.
• DataCall - სტარტაპი მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს.
• Defect ai - სამედიცინო აუდიტის AI სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.
• FashionLab - სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლის ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში - ხდის მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.
• Talk Labs - ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას.
• Neolink - ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმა.
• Quantum Neuron, Inc - Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.
• Rebookify - სტარტაპი ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება, გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.
• Spotwise - AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად.
• Stackbooster - სტარტაპი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.
500 Global in Eurasia-ს ახალ ნაკადზე მიღება დაწყებულია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.