GITA -ს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის მეოთხე ნაკადზე მიღება დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განაგრძობს „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამას” და აცხადებს მიღებას მეოთხე ნაკადზე. ახალი ეტაპის ფარგლებში, პროგრამით დამატებით ისარგებლებს 1000 დაინტერესებული პირი, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ თანამედროვე ციფრულ უნარებს და დაიწყონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.
პროგრამა წარმოადგენს Do IT in Georgia ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს IT სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. ინიციატივა აერთიანებს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა“, Code-IT, ან ITა.
მეოთხე ნაკადის ფარგლებში გაფართოვდა სასწავლო მოდულების სია და დაემატა AI მიმართულება, რომელიც მოიცავს კურსებს: AI Engineering & Data Creative AI და Prompting, ასევე მართვის მიმართულებას დაემატა IT ბიზნეს ანალიზის კურსი.
ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმა edu.doit.gov.ge შექმნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილ IT კურსებზე. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას ხელმისაწვდომ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის დაგეგმვას ციფრულ სექტორში.
რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ვებგვერდზე https://edu.doit.gov.ge/ მომხმარებლის რეგისტრაცია, საბაზისო უნარების კატეგორიიდან კურსების არჩევა და შესარჩევი ეტაპის - გამოცდის გავლა, რომლის შესახებ მომხმარებლები პლატფორმაზე მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართა
27.04.2026.16:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ყირგიზეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ინოვაციური ცენტრებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ყირგიზეთის IT ჰაბის, მაღალი ტექნოლოგიების პარკისა და კრეატიული ინდუსტრიების პარკის (Ololo group) ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ტექნოლოგიური პარკების ეფექტურ მართვას, IT ექსპორტის სტიმულირებასა და იმ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, რომლებმაც ორივე ქვეყნის ეკოსისტემა უნდა გააძლიეროს.
თანამშრომლობის აკადემიური მიმართულების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტის აკადემიურ საბჭოსთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე შედგა ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.
დელეგაციის წევრები სახელმწიფო დაწესებულება „კიზმატისა“ (KYZMAT) და ღია სააქციო საზოგადოება „თუნდუკის“ (TUNDUK) ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის მნიშვნელობას საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში.
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა.