GITA - ს ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 13–14 დეკემბერს, ბათუმის ტექნოპარკში, ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი გაიმართება, რომლის მიზანია ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 16+ ასაკის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან: სტუდენტებს, სტარტაპერებს, დეველოპერებს, დიზაინერებსა და ზოგადად ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს. მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, შექმნიან პროტოტიპებს და წარადგენენ მათ ჟიურის წინაშე.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10 000 ლარიან გრანტს, რომელიც იდეის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორი კომპანიები დააჯილდოებენ რჩეულ გუნდებს.
ღონისძიება ხელს უწყობს რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის ქმნის ინოვაციურ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://apps.mygita.ge/zs/R9CDCc
სხვა სიახლეები
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოლოდინში კიდევ 8 კომპანიაა - ავთანდილ კასრაძე
31.03.2026.19:00
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძე განცხადებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართულ კომპანიებს უნიკალურ საგადასახადო შეღავათს აძლევს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, სტატუსის მიღების შემდეგ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის მიღება რთულ კრიტერიუმებს უკავშირდება, უკვე რვა სტარტაპმა შეძლო მისი მოპოვება, რაც მიზნად ისახავს ქართული ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას.
„პირველ რიგში თვითონ სტატუსზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის თვისობრივად უნიკალური შესაძლებლობა ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომ მათ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი მათ ოპერაციები ახალი დაწყებული აქვთ, მიიღეს ინვესტიცია ან საგრანტო დაფინანსება და პროდუქტის განვითარების ეტაპზე არიან, პირველი სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად უნულდებათ საშემოსავლო გადასახადი მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ ინოვაციური სტარტაპის სტატუსს.
რაღა თქმა უნდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღება ეს არის რთული პროცესი, ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, რომელიც ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა უნდა დააკმაყოფილონ.
არის ძალიან ბევრი მოთხოვნა როგორც კვალიფიციურ ინვესტიციასთან მიმართებაში, ისევე რაოდენობასთან მიმართებაში, ისევე ინოვაციური ბიზნესი, მისი შემოსავლების და ხარჯების აუდიტირება და როგორ არის ის დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან და ასე შემდეგ.
კომპლექსური გზა არის გასავლელი, მაგრამ რვა ქართულმა სტარტაპმა უკვე მიიღო სტარტაპ სტატუსი. დაახლოებით მაგდენივე უახლოეს მომავალში კიდევ მიიღებს ამ სტარტაპ სტატუსს და მიმდინარეობს პროცესი, რომ სწორად იყოს უზრუნველყოფილი ქართული საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, რომ ქართულ სტარტაპებს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა იყოს კონკურენტულ უპირატესობაში გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემებთან. არის ურთულესი ეს საქმე, თუმცა ჩვენი სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ერთადერთი გზა მიდის საერთაშორისო ბაზრებზე გამარჯვებაში. რაც მეტი ქართული ინოვაციურ სტარტაპს ექნება გლობალური კონკურენტუნარიანი პროდუქტი, მით უფრო მეტი იქნება ხელფასები ქვეყანაში, დასაქმების მაჩვენებელი, ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად სწორედ ამისკენ არის მიმართული სახელმწიფოს კეთილი ნება და ჟესტი ქართული ინოვაციური სტარტაპებისადმი, რომ პირველი არა თუ ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაფინანსების პროგრამა გვაქვს საქართველოს მთავრობას სტარტაპებისთვის, არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ, გარდა ამისა პირველი სამი წელი საერთოდ უარს ვამბობთ მათგან ნებისმიერი თანხის გადასახადზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ შენატანზე. მთავარია, რომ სწრაფად განავითარონ გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტი, დაასაქმონ ადამიანები და სწრაფად გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.