ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო დონეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შემოღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც 10 წლიან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, უკვე იწვევს ინტერესს რეგიონული სტარტაპების მხრიდან და ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 - მა ქართულმა სტარტაპმა უკვე ისარგებლა საკანონმდებლო შეღავათით. ისინი, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში, 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით ისარგებლებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო შეღავათით რეგიონული სტარტაპებიც დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი საქმიანობას საქართველოდან განაგრძობენ. „ინოვაციური სტარტაპის სტატუსით რეგიონული სტარტაპები ინტერესდებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოსვლას და პროექტების განხორციელებას განიხილავენ - სტატუსთან ერთად ქვეყანაში შექმნილია ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლითაც საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია სტარტაპის განვითარებისთვის რეგიონში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
23.04.2026.13:21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილეს, ოლეგ პეკოს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ IT Park -ისა და წამყვანი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანიის UZINFOCOM-ის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, კონკრეტული ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.
„უზბეკეთი დღეს რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპს აჩვენებს. ეს არის უზარმაზარი და მზარდი ბაზარი, რომელიც ქართული ინოვაციური კომპანიებისთვის მასშტაბირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვსურს, ქართულ სტარტაპებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ამ შესაძლებლობებზე და ვიყოთ მათი მეგზური უზბეკეთის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე ჯობავა უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა შემდგომი ნაბიჯები უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და განისაზღვრა არსებული სამოქმედო გეგმის განახლება, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა.
შეხვედრა შედგა ასევე უზბეკეთის ეროვნული ვენჩურული ფონდის (UzVC) ხელმძღვანელთან დილშოდ ხაშიმოვთან და მის მოადგილესთან აბდულაზალ ტოშხუჯაევთან. მხარეებმა განიხილეს სტარტაპების დაფინანსების მოდელები, საინვესტიციო გარემო და ვენჩურული კაპიტალის როლი რეგიონული ეკოსისტემების ზრდაში.