„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ - GITA -ს ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” გრძელდება და მორიგი შეხვედრა ქუთაისში, ქუთაისის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ამ შეხვედრით დასრულდა იმერეთის რეგიონის ტური, რომელიც თორმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავდა.
ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.
“ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდით ადგილობრივ ახალგაზრდებს, ვინც დაინტერესებულია ინოვაციებით და ტექნოლოგიებით. ახლო მომავალში, ქუთაისში, უპრეცედენტო მასშტაბის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, შესაბამისად, იზრდება სააგენტოს აქტივობები მიმდებარე მუნიციპალიტეტებში და მთელს რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ იმერეთის რეგიონში ახალგაზრდებში მზაობა და ძალიან დიდი დაინტერესებაა ინოვაციების, ტექნოლოგიების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართ.” - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, რუსთავი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ახალციხე, ნინოწმინდა, ადგიგენი, ბორჯომი და ასპინძა).
პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.
პროექტის პარტნიორები არიან - გამომცემლობა "ლურჯი ოკეანე", კომპანია “ნატახტარი”, "ჩემპი" და ალტა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
23.04.2026.13:21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილეს, ოლეგ პეკოს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ IT Park -ისა და წამყვანი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანიის UZINFOCOM-ის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, კონკრეტული ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.
„უზბეკეთი დღეს რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპს აჩვენებს. ეს არის უზარმაზარი და მზარდი ბაზარი, რომელიც ქართული ინოვაციური კომპანიებისთვის მასშტაბირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვსურს, ქართულ სტარტაპებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ამ შესაძლებლობებზე და ვიყოთ მათი მეგზური უზბეკეთის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე ჯობავა უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა შემდგომი ნაბიჯები უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და განისაზღვრა არსებული სამოქმედო გეგმის განახლება, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა.
შეხვედრა შედგა ასევე უზბეკეთის ეროვნული ვენჩურული ფონდის (UzVC) ხელმძღვანელთან დილშოდ ხაშიმოვთან და მის მოადგილესთან აბდულაზალ ტოშხუჯაევთან. მხარეებმა განიხილეს სტარტაპების დაფინანსების მოდელები, საინვესტიციო გარემო და ვენჩურული კაპიტალის როლი რეგიონული ეკოსისტემების ზრდაში.