საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ და შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ გახდნენ.
• შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ - სტარტაპი, პროფესიული მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ქმნის კვლევით ტექნოლოგიას - “არგონავტი”, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს კვლევის მთელ ციკლს: კვლევითი ინსტრუმენტების შექმნას, საველე სამუშაოების ორგანიზებას, მონაცემთა ხარისხის კონტროლს, მონაცემების გაწმენდას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას.
• შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ - სტარტაპი ქმნის კორპორატიული კეთილდღეობის (corporate wellness) ახალ მოდელს, ჩაშენებულს უშუალოდ სამუშაო პროცესში. სამუშაო და საოფისე გარემოზე მორგებული სასიარულო ბილიკები (Walking Pads) სინქრონიზირებულია მობილურ აპლიკაციასთან და ანალიტიკურ პლატფორმასთან.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
23.04.2026.13:21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილეს, ოლეგ პეკოს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ IT Park -ისა და წამყვანი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანიის UZINFOCOM-ის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, კონკრეტული ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.
„უზბეკეთი დღეს რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპს აჩვენებს. ეს არის უზარმაზარი და მზარდი ბაზარი, რომელიც ქართული ინოვაციური კომპანიებისთვის მასშტაბირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვსურს, ქართულ სტარტაპებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ამ შესაძლებლობებზე და ვიყოთ მათი მეგზური უზბეკეთის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე ჯობავა უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა შემდგომი ნაბიჯები უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და განისაზღვრა არსებული სამოქმედო გეგმის განახლება, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა.
შეხვედრა შედგა ასევე უზბეკეთის ეროვნული ვენჩურული ფონდის (UzVC) ხელმძღვანელთან დილშოდ ხაშიმოვთან და მის მოადგილესთან აბდულაზალ ტოშხუჯაევთან. მხარეებმა განიხილეს სტარტაპების დაფინანსების მოდელები, საინვესტიციო გარემო და ვენჩურული კაპიტალის როლი რეგიონული ეკოსისტემების ზრდაში.