სტარტაპ ეკოსისტემა მაშინ ხდება ძლიერი, როცა მეცნიერება რეალურ ბიზნესად გარდაიქმნება - ავთანდილ კასრაძე
“ჩვენი ამოცანაა შევქმნათ გარემო, სადაც უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში შექმნილი ცოდნა სწრაფად გადადის ბაზარზე, ხდება ტექნოლოგიური სტარტაპების საფუძველი და ქმნის ახალ ეკონომიკურ ღირებულებას. სწორედ მეცნიერების კომერციალიზაცია არის გზა, რომელიც იდეებს აქცევს პროდუქტებად, ხოლო პროდუქტებს – გლობალურ კომპანიებად”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“- კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით ჩატარდა.
პანელურ დისკუსიაში - „ინოვაცია, როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა“- ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ შემდეგ მიმართულებებზე: ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების მხარდაჭერის ინსტიტუციური ხედვა; ინოვაცია, როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა GITA - ს როლზე კვლევისა და გამოგონებების სფეროში ხელშემწყობ მექანიზმებზე და ამ მიმართულებით სტარტაპებთან მუშაობის სტრატეგიასა და იმ მთავარ ფაქტორებზე, რომელიც განსაზღვრავს წარმატებულ სტარტაპად ჩამოყალიბებას. ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, სტარტაპ ეკოსისტემა მაშინ ხდება ძლიერი, როცა მეცნიერება რეალურ ბიზნესად გარდაიქმნება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
23.04.2026.13:21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილეს, ოლეგ პეკოს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ IT Park -ისა და წამყვანი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანიის UZINFOCOM-ის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, კონკრეტული ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.
„უზბეკეთი დღეს რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპს აჩვენებს. ეს არის უზარმაზარი და მზარდი ბაზარი, რომელიც ქართული ინოვაციური კომპანიებისთვის მასშტაბირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვსურს, ქართულ სტარტაპებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ამ შესაძლებლობებზე და ვიყოთ მათი მეგზური უზბეკეთის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე ჯობავა უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა შემდგომი ნაბიჯები უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და განისაზღვრა არსებული სამოქმედო გეგმის განახლება, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა.
შეხვედრა შედგა ასევე უზბეკეთის ეროვნული ვენჩურული ფონდის (UzVC) ხელმძღვანელთან დილშოდ ხაშიმოვთან და მის მოადგილესთან აბდულაზალ ტოშხუჯაევთან. მხარეებმა განიხილეს სტარტაპების დაფინანსების მოდელები, საინვესტიციო გარემო და ვენჩურული კაპიტალის როლი რეგიონული ეკოსისტემების ზრდაში.