თბილისის ტექნოპარკში, Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება - Idea Showcase გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერას განაგრძობს. თბილისის ტექნოპარკში, GITA -ს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიება Idea Showcase გამართა.
Idea Showcase-ზე 40-მა დამწყებმა სტარტაპმა ეკოსისტემის წარმომადგენლებს, მენტორებსა და პოტენციურ პარტნიორებს ორი თვის განმავლობაში დამუშავებული იდეები წარუდგინა.
აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზის Founder-Market-Fit-ის განმავლობაში, მონაწილე გუნდებმა, საერთაშორისო მენტორებთან ერთად, ინტენსიურად იმუშავეს შემდეგ საკითხებზე: ბაზრის პრობლემის იდენტიფიცირება და ვალიდაცია; მომხმარებელთა ზუსტი სეგმენტაცია და საწყისი ბიზნეს-მოდელის ჩამოყალიბება.
Founder-Market-Fit სამსაფეხურიანი აქსელერაციის ციკლის დასაწყისია. მომდევნო ეტაპებზე შერჩეულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ 50,000-დან 150,000 ლარამდე გრანტი, რაც მათ პროდუქტის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.
Startupbootcamp Georgia-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, მათი საინვესტიციო მზადყოფნის გაზრდასა და საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაციას. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი აქსელერატორი გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ის კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.
GITA-ს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამაში სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართა
27.04.2026.16:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ყირგიზეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ინოვაციური ცენტრებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ყირგიზეთის IT ჰაბის, მაღალი ტექნოლოგიების პარკისა და კრეატიული ინდუსტრიების პარკის (Ololo group) ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ტექნოლოგიური პარკების ეფექტურ მართვას, IT ექსპორტის სტიმულირებასა და იმ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, რომლებმაც ორივე ქვეყნის ეკოსისტემა უნდა გააძლიეროს.
თანამშრომლობის აკადემიური მიმართულების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტის აკადემიურ საბჭოსთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე შედგა ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.
დელეგაციის წევრები სახელმწიფო დაწესებულება „კიზმატისა“ (KYZMAT) და ღია სააქციო საზოგადოება „თუნდუკის“ (TUNDUK) ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის მნიშვნელობას საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში.
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა.