ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად მთავარი აქცენტი ტალანტების გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, რომ საქართველო ტექნოლოგიურ კომპანიებს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გარემოს სთავაზობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, მათ შორისაა დაბალი გადასახადები და მარტივი რეგულაციებით, თუმცა მთავარ გამოწვევად ტალანტის სიმცირე რჩება. კასრაძის განმარტებითვე, სტრატეგია მოიცავს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კადრების გაზრდას განათლების რეფორმის გზით, ისე უცხოური სპეციალისტებისა და გლობალური კომპანიების მოზიდვას, რაც ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„მინდა გითხრათ, რომ ზოგადად გარემოს თვალსაზრისით საქართველო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. ანუ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე - გვაქვს ძალიან კარგი ასე ვთქვათ სამართლებრივი ჩარჩო რეგულაციები დღეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ბიზნესზე, ინოვაციური სტარტაპი ვახსენე, ასევე ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო პაკეტი. ასევე ექსკლუზიურად R&D კომპანიებისთვის - კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის- 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი. ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, IT კომპანიებისთვის 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი. ასევე მთლიანად ნებისმიერი ბიზნესისთვის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით, რეგულაციების სიმცირით და ასევე კორუფციის სიმცირით და ასე შემდეგ, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისთვის.
იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური განსაკუთრებით კომპანიები მოვიზიდოთ, ამისთვის უკვე ამის იქით არის მნიშვნელოვანი გაძლიერება უკვე ტალანტების ნაწილში. დღეს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები პირველ რიგში ეძებეს ტალანტს, იმ ქვეყანაში დახვდება თუ არა არა მარტო ტალანტი, არამედ რაოდენობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სისუსტე გამომდინარეობს ჩვენს ზომაში, მოსახლეობის რაოდენობაში და განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროს ჩართული ადამიანების. და ჩვენი მთავარი სტრატეგია სწორედ ამას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ტექნოლოგიების ეკოსისტემაში, ისწავლოს ტექნოლოგიური მიმართულებებით. განათლების რეფორმა სწორედ აქეთკენ არის მიმართული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
GITA-ს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების სიმცირე რჩება, რის საპასუხოდაც აქცენტი კეთდება ტექნიკური განათლების გაძლიერებასა და IT მიმართულებებით მეტი ადამიანის ჩართვაზე. მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს უცხოური ტალანტის მოზიდვაც, რაც აუცილებელია ისეთი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესის გასაზრდელად, როგორიცაა Google, Meta და Apple, ხოლო ამ პროცესს ხელს შეუწყობს ქუთაისში დაგეგმილი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტიც.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
23.04.2026.13:21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილეს, ოლეგ პეკოს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ IT Park -ისა და წამყვანი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანიის UZINFOCOM-ის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, კონკრეტული ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.
„უზბეკეთი დღეს რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპს აჩვენებს. ეს არის უზარმაზარი და მზარდი ბაზარი, რომელიც ქართული ინოვაციური კომპანიებისთვის მასშტაბირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვსურს, ქართულ სტარტაპებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ამ შესაძლებლობებზე და ვიყოთ მათი მეგზური უზბეკეთის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე ჯობავა უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა შემდგომი ნაბიჯები უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და განისაზღვრა არსებული სამოქმედო გეგმის განახლება, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა.
შეხვედრა შედგა ასევე უზბეკეთის ეროვნული ვენჩურული ფონდის (UzVC) ხელმძღვანელთან დილშოდ ხაშიმოვთან და მის მოადგილესთან აბდულაზალ ტოშხუჯაევთან. მხარეებმა განიხილეს სტარტაპების დაფინანსების მოდელები, საინვესტიციო გარემო და ვენჩურული კაპიტალის როლი რეგიონული ეკოსისტემების ზრდაში.