მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია - მაია ომიაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის თქმით, პირველი კვარტალი პოზიტიური მონაცემებით დასრულდა.
„ტურიზმის ინდუსტრიაში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია. აღსანიშნავია, შარშანდელთან შედარებით საერთაშროსო ტურისტულ ვიზიტებში 4-%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი, მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, გამოწვევების შესამსუბუქებლად ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„იცით რომ შეხვედრა გვქონდა ბიზნეს სექტორთან და ძალიან აქტიურად ვცდილობთ გარკვეული აქტივობების ჩატარებას, რომ საერთაშორისო მიმდინარე მოვლენების გავლენა შედარებით შევამსუბუქოთ, შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე, მეორე კვარტალიც პოზიტიური იქნება“,-აცხადებს მაია ომიაძე.
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 1,300,505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით, -14,323 ვიზიტით ნაკლებია.
ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.
2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია.
სხვა სიახლეები
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
23.04.2026.10:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.
ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა.
2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.