პირველი კვარტალი აქტიური იყო როგორც ღონისძიებების, ისე ჯგუფების მიმართულებით - რუსიკო გიაშვილი
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
პირველი კვარტლის მზარდ დინამიკაზე საუბრობს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ღონისძიებების დირექტორი რუსიკო გიაშვილი.
„შარშანდელ წელთან შედარებით წლევანდელი წელი გაცილებით უკეთ დაიწყო. კორპორატიული ღონისძიებებისა და ჯგუფური ტურების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დადებითად აისახა სასტუმრო სექტორის დატვირთულობაზე”. მისი თქმით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, სექტორი ინარჩუნებს ადაპტაციის უნარს და აქტიურად ეძებს ახალ შესაძლებლობებს. “ მეორე კვარტალში გარკვეული კლება იგრძნობა, რაც გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა მუდმივად ვეძებთ ახალ ბაზრებს და ახალ შესაძლებლობებს,“ - აცხადებს რუსიკო გიაშვილი. მისივე შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები, განსაკუთრებით B2B შეხვედრები და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებაში და ბიზნესკავშირების გაძლიერებაში. „ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, ხშირად ტარდება B2B შეხვედრები და გამოფენები, რაც მთლიანად სექტორის განვითარებასა და ქვეყანაში სტუმრების მოზიდვას უწყობს ხელს,“ - აღნიშნავს იგი.
2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია. ვიზიტორთა ტოპ 15 მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი, ყაზახეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.
სხვა სიახლეები
Routes Europe 2026-ზე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან ახალი ავიარეისებისა და სიხშირეების ზრდაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ - ლევან მოსეშვილი
19.05.2026.18:19
საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაერთიანება მეორე დღეა პარტნიორ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტი ახალი ავიამიმართულებების დამატება და არსებულ რეისებზე სიხშირეების ზრდაა.
მისი თქმით, იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე ფორუმზე ქართული დელეგაცია პარტნიორ და პოტენციურ ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქვეყნის საავიაციო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდეს. ლევან მოსეშვილის განცხადებით საქართველოსთვის პრიორიტეტი ახალი ავიამიმართულებების დამატება და არსებული რეისების სიხშირეების ზრდაა.
,,მეორე დღეა წარმატებით მიმდინარეობს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი - Routes Europe 2026. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც ბაზარზე მოქმედ, ისე პოტენციურ ახალ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან. ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ როგორც საავიაციო მიმოსვლის, ისე ტურიზმის მიმართულებით და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
შეხვედრები გავმართეთ ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ავიაკომპანიებთან, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები ვიხილოთ.
მსგავს ფორუმებში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს, დავამყაროთ ახალი კონტაქტები ავიაკომპანიებსა და აეროპორტებთან, რაც სამომავლოდ ჩვენი საავიაციო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ფორუმის პირველ ორ დღეში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდმა 30-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა United Airlines, British airways, Brussels Airlines, Finnair, easyJet, Volotea, Condor, Vueling, , Wizz Air, Air Serbia და აშ. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ჯამში 45-მდე შეხვედრაა დაგეგმილი, რაც საქართველოს ავიაბაზრის განვითარებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობის შესაძლებლობას ქმნის.ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და TAV Georgia ერთობლივი სტენდით არიან წარმოდგენილი.