ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები გვაძლევს შესაძლებლობას, ტურისტული ნაკადების ზრდა შევინარჩუნოთ - შალვა ხუციშვილი
2026 წლის პირველი კვარტალი საქართველოს ტურიზმისთვის ახალი რეკორდით აღინიშნა: იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-იანი ზრდაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან დაფიქსირდა, სადაც ვიზიტების რაოდენობა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.2%-ით გაიზარდა.
ტურისტული კომპანია „Georgian Bus“-ის დირექტორის, შალვა ხუციშვილის შეფასებით, წლის დასაწყისი კერძო სექტორისთვისაც პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო, მისი თქმით, იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით აქტიური იყო ისრაელის ბაზარი, რაც ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. თუმცა გლობალურმა პროცესებმა მარტის თვეში სექტორზე გარკვეული გავლენა იქონია.
მისივე შეფასებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, სექტორში პოზიტიური მოლოდინები კვლავ შენარჩუნებულია და არსებული ტენდენციის აღდგენის პერსპექტივა რეალურია.
„ტურისტების მოზიდვაში ძალიან გვეხმარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებები, იქნება ეს B2B შეხვედრები თუ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა მარკეტინგული კამპანია, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ საქართველო და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, რაც საბოლოოდ ამ დადებითი ტენდენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ l ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი
12.05.2026.12:09
,,მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
როგორც კარლიგაშ ომურბაევამ განაცხადა, ქუთაისიდან იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამოწვევები და ზაფხულის სეზონის გეგმები. საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე, ფრენების რაოდენობას საგრძნობლად ვზრდით. თუ ზამთარში კვირაში 6 რეისს ვასრულებთ, ზაფხულის თვეებში მათი რიცხვი ეტაპობრივად იმატებს და ივნის-ივლისისთვის უკვე 22 ფრენამდე აღწევს.
წელს ფრენების სიხშირეს კიდევ ორი რეისი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში ჯამში 24 რეისს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამ ზაფხულიდან ვგეგმავთ FlyArystan-თან თანამშრომლობას ე.წ. ზიარის კოდის (Code-share) ფარგლებში. რეგიონში ორი ახალი მიმართულება - ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი დაგვემატება, სადაც FlyArystan-ი ოპერატორი იქნება, ხოლო Air Astana - მარკეტინგული გადამზიდავი“, - აღნიშნა Air Astana-ს კავკასიის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა.