„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას“ ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.
ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2026 წელს „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს. დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.
პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიული უნარების განვითარება.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.