აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.
სხვა სიახლეები
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
13.05.2026.14:06
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.