დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ალპიას“ ყველზე აშშ-ში მოთხოვნა იზრდება, რატომ ვერ ახერხებს მეწარმე მიწოდების გაზრდას

„ალპიას“ ყველზე აშშ-ში მოთხოვნა იზრდება, რატომ ვერ ახერხებს მეწარმე მიწოდების გაზრდას

2024-03-21 14:00:00

შპს „სანთას“ დამფუძნებელი დარეჯან კანთელაძე ქვემო ქართლის, წალკის მუნიციპალიტეტში ფერმასა და რძის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და  „ალპიას“ ბრენდით 5 დასახელების ყველს აწარმოებს.

„ალპიას“ ყველი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა USAID-ის პროგრამის დახმარებით აშშ-ში ექსპორტიც სცადეს და ევროპული ყველი გაიტანეს. აშშ-ს ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა „ალპია“ მიწოდებას ვერ ზრდის.

„ხუთი დასახელების ყველს ვაწარმოებთ - იმერულს, სასულგუნეს, ქარხნულს, ლორის ტიპის და ევროპულ ყველს. ძირითადად ადგილზე ვყიდით, რადგან მოთხოვნა დიდია. ცნობილია, რომ ყველის ადგილობრივი წარმოება, მხოლოდ ბაზრის 25%-ს აკმაყოფილებს. ჩიკაგოში, ევროპული ყველის მცირე პარტია გავაგზავნეთ, თუმცა მსურველები არიან. მოლოდინი არ გვქონდა, რადგან აშშ-ის სამომხმარებლო ბაზარი ყველით არის გაჯერებული“, - ამბობს მეწარმე.

„ალპია“ ევროპულ ყველს მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე აწარმოებს, რადგან რძე ჭარბია და პროდუქტის ხარისხი უფრო მაღალია. წარმადობა დღეში 350-დან 400 კილოგრამამდეა, ზამთრის სეზონზე კი 250 კილოგრამს შეადგენს. ბრენდი ყველის წარმოებაში მხოლოდ საკუთარი ფერმის რძეს იყენებს.

რატომ ვერ აფართოებს „ალპია“ წარმოებას, იმისთვის, რომ კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს, დარეჯან კანთელაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„ჩვენ გვაქვს 700 ჰექტარი მიწა, ვართ დამოკიდებული ამინდზე. ორგანული ცვლილებები ჩვენს რეგიონში აშკარად იგრძნობა. მაგალითად, წელს თოვლი არ მოვიდა, გვალვებია. ამიტომ სათუოა, თუ რამდენად მოგვცემს ეს მიწა იმის საშუალებას, რომ პირუტყვი გამოვკვებო. წარმოება რომ გავაფართოო, ამისთვის საკვები ბაზა უნდა იყოს გარანტირებული.  ამიტომ ვერ ვზრდი წარმადობას და მირჩევნია პროდუქტის მოცულობა იყოს მცირე და მაღალი ხარისხის“, - ამბობს მეწარმე.

ადგილობრივ ბაზაზე „ალპიას“ ბრენდის ყველი „გუდვილის“ ქსელში, „ყველის სახლში“ და „ჯორჯიტაშია“ ხელმისაწვდომი.

ქვემო ქართლის, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანთაში მდებარე საწარმოს ფერმას 250 სული ძროხა ჰყავს და ყველსაც საკუთარი ფერმის რძით აწარმოებს. ზაფხულში ძროხები სანთას მფლობელობაში არსებულ საძოვრებზე ადგილობრივი 200 სახეობის ბალახით იკვებებიან, ზამთარში კი მათი რაციონი ამ საძოვრებიდან აღებული ბუნებრივი თივისგან შედგება, რომლის მისაღებად ფერმერი არანაირ დანამატს არ ხმარობს.

ცხადია, საქონელზე ზრუნვა ყველის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზეც აისახება, ამიტომაც სანთას მიერ წარმოებული გაუდას ტიპის მაგარ ქერქიანი ყველი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე აშშ-ის, ჩიკაგოს შტატის ქსელურ მაღაზიებშიც.

სანთას ყველის საწარმოს წარმოების 15 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მისი მესაქონლეობის ფერმა კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორიას ითვლის. სანთას ქარხნულ ყველს გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ხარისხის ნიშანი აქვს მინიჭებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები