დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მარიამ ქვრივიშვილთან

Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მარიამ ქვრივიშვილთან

2023-12-11 12:38:48

ტურიზმის სექტორის მიღწევები, პერსპექტივები და გამოწვევები, როგორ განვითარდება მოვლენები 2024 წელს და რა სიახლეებს გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia-თან „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა:

როგორ აფასებთ ტურიზმის სექტორისთვის 2023 წელს და როგორი იქნება 2024 წლის ძირითადი გეგმები და პრიორიტეტები, რაზეც ფოკუსირება მოხდება?

- ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე წელი გვქონდა. მიმდინარე წელი, ისევე როგორც გასული წელის პანდემიის შემდგომ და პანდემიის დროს გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან რთული პერიოდი დაუდგა. 

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია, როგორიც არის ტურიზმი. კერძო სექტორთან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარე წელი ერთ-ერთი საუკეთესოა შემოსავლების კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის. ამაყები ვართ, რომ შევძელით, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის ინდუსტრიის კუთხით, რაც გულისხმობს ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკას სრულდება. ამან განაპირობა ის, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა. ჩვენ შევძელით და არამხოლოდ სრულად აღვადგინეთ არამედ გადავაჭარბეთ 2019 წლის ანუ ყველაზე რეკორდული წლის შემოსავლების მაჩვენებელს ტურიზმიდან.

ტურიზმის ინდუსტრიიდან ჩვენმა ქვეყანამ უკვე მიიღო 3.5 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც დაახლოებით 30%-იან ზრდას გულისხმობს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ გაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა წლის ბოლომდე.

ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტურიზმის ინდუსტრია ახალ მწვერვალებს იპყრობს ჩვენს ქვეყანაში და ასევე საერთაშორისო, გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიაში.

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა თანმიმდევრულად ახდენს ინდუსტრიის განვითარებას. ყოველთვის ვსაუბრობთ თუ რა აქტივობებს ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რომელ ბაზრებზე ვაკეთებთ სწორებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იწყება ძალიან მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ისეთი ქალაქებისა და დაბების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულად აქტიური და აქტუალურია. საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს არაერთი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გუდაურში ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

ვაწყობთ ახალ სასრიალო ტრასებს, ვავითარებთ ახალ კურორტებს და ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ერთის მხრივ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით.

მეორეს მხრივ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოს ტურისტული პროდუქტი და ინფრასტრუქტურა მუდმივად პასუხობდეს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოგზაურების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.

ასევე კერძო სექტორთან ერთად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ასევე სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ქვეყნის მარკეტინგულ კამპანიებს, იმისთვის, რომ საერთაშორისო ინდუსტრიაში დავიმკვიდროთ თავი და მუდმივად გვქონდეს ჩვენი პოზიციონირება და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის წილი გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ფაქტია და ვხედავთ ამ შედეგებს. ჯერ კიდევ წელი არ არის დასრულებული და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკურ წელზე წინ ვართ. არის დიდი მოლოდინი, რომ მომავალი წელი იქნება უფრო ძლიერი. კანდიდატის სტატუსიც იქნება ერთგვარი „ბუსტინგის მატარებელი, რადგანაც დამატებით ინტერესებს აღძრავს ქვეყნის მიმართ.

- ძალიან მნიშვნელოვანია ის გზა, რასაც ჩვენი ქვეყანა გადის. ძალიან ამაყი ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ამ პროცესის მონაწილე. ხელისუფლებას აქვს ძალიან სწორი, თანმიმდევრული და მნიშვნელოვან ღირებულებაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე სულ რამდენიმე დღეში ერთად ვიზეიმებთ იმ დამსახურებულ სტატუსს, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქვია. რა თქმა უნდა ეს ერთის მხრივ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე წერტილოვნად ვისაუბრებთ რას მოუტანს დამატებით ჩვენს ქვეყანას.

რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროპულ ოჯახთან, ევროპულ ქვეყნებთან. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ და ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო არეალზე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო მეტად ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ევროპიდანაც.

ცნობილი მოვლენების გამო საქართველომ თითქმის დაკარგა ისრაელის ბაზარი და მისი აღდგენა როდის მოხდება ჯერჯერობით უცნობია. ასეთ ვითარებაში, 2024 წელს თუ დაემატება ახალი ქვეყნები მარკეტინგული კამპანიების საწარმოებლად და რომელ ქვეყნებს მოიაზრებთ ამ მიმართულებით?

-მიმდინარე პერიოდში ჩვენ ძალიან აქტიურად ვხვდებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რათა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა გავაცნოთ, ერთად ვიმსჯელოთ და ერთად დავამტკიცოთ. ბიზნესის წარმომადგენლებთან შევჯერდით იმაზე, რომ ასეთი რთული წელი გლობალურად ტურიზმს არ ახსოვს, თუ კი პანდემიის პერიოდს არ ჩავთვლით.

მინდა სიღრმეებში ჩავიდე და გითხრათ, თუ რა პირობებში შევძელით და გავზარდეთ ტურიზმიდან შემოსავლები და ფაქტობრივად გავედით 95%-იან აღდგენაზე. როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ ვიზიტებზე, ეს არის უკვე დიდი წარმატება, მაგრამ თუ  ვნახავთ რასთან გამკლავება მოგვიწია და დღეს რას ვუმკლავდებით კერძო სექტორთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტად მეტყველებს თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია.

ერთის მხრივ ჩვენ გაქვს ტრადიციული ბაზრები და ნაწილობრივ გვიწევს მუშაობა აზერბაიჯანის ტურიზმის ბაზარზე, რამეთუ სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანთან კვლავ დაკეტილია. იცით, რომ სახმელეთო საზღვარს ძალიან დიდი გამტარუნარიანობა აქვს ყველა ქვეყანასთან მიმართებით. 

ტურიზმის ინდუსტრიას საკმაოდ დააკლდა ვიზიტორები ამ ფაქტორის გამო. მე მიხარია, რომ მეორეს მხრივ იზრდება საჰაერო ფრენების სიხშირეები აზერბაიჯანიდან. თუმცა საჰაერო მიმოსვლა ვერასოდეს გაუთანაბრდება სახმელეთო გზით შემოსული ტურისტული ნაკადების გამტარუნარიანობას. უკვე გაქვს ის მოცემულობა, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმდინარე წელსაც სრულად ვერ მოვახდინეთ ტურისტული ნაკადების დაბრუნებას აზერბაიჯანიდან.

მეორეს მხრივ იცით, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე ვითარების ფონზე, სამწუხაროდ ჩვენს ტურისტულ ბაზარს სრულად გამოაკლდა უკრაინის ტურისტული ბაზარი და ახლა უკვე ისრაელიც. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მოგვაკლდა სამი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ტურიზმისა და ასევე ავიაციის კუთხით. გვიწევს ამ რეალობასთან გამკლავება. კერძო სექტორთან ერთად მუდმივ კავშირზე ვართ, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ დივერსიფიკაციის პოლიტიკა.

ყველაფერი ეს ბიზნესთან ერთად მიგვითითებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ ნაკადებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რამდენიმე ქვეყანასთან გვქონდეს ძლიერი საჰაერო და სახმელეთო კავშირები იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემოსვლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შევძლოთ მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ციფრები აჩვენებს, რომ ჩვენ მივდივართ სწორი სამოქმედო გემით და სწორი კამპანიებით, გვაქვს სწრაფი რეაგირება,  რაც ტურიზმში არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. შევძელით ის, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია გაიზარდა. გაიზარდა უფრო მეტად ვიდრე ეს შეიძლება წარმოდგენილი ჰქონოდა ბევრ ადამიანს.

ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურები სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში. განსაკუთრებული წარმატება გაქვს გერმანიის ტურისტულ ბაზარზე. ამ მიმართულებით წარმატებით ვაწარმოეთ მოლაპარაკებები არაერთ ავიაკომპანიასთან და ამ ქვეყნის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია დღეს ასრულებს პირდაპირ ფრენებს.

პოლონეთი კვლავ არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მზარდი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა ანალოგიურად ვითარდება ურთიერთობები ყურის ქვეყნებსაც: საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, კატარი. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიდანაც სწორი პოლიტიკის შედეგად მუდმივად იზრდება საქართველოზე მოთხოვნა.

ვხედავთ, რომ კერძო სექტორი ჩვენთან ერთად ძალიან აქტიურია. მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, ჩამოჰყავს ბევრი ტურისტი და ეს ყველაფერი ერთად აისახება იმაზე, რომ მიმდინარე წელს ჩვენ შევძელით და გავზარდეთ საშუალო ღამისთევების რაოდენობა. გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ ტურისტული სტრუქტურა.

ვხედავთ, რომ ქვეყანაში საჰაერო გზით შემოდის კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ეკონომიკასა და სახელმწიფო ბიუჯეტზე და პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კერძო სექტორის შემოსავლებზე, შემდგომ კი დასაქმების ადგილებზე. ჩვენ 3 კვარტალში ტურიზმიდან 3,5 მლრდ დოლარის შემოსავალი მივიღეთ.

წლის ბოლომდე ბევრი აღარ დარჩა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა, ქვეყანამ მიიღოს 4 მლრდ დოლარზე მეტი ტურიზმიდან, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის დინამიკა, რომელიც ჩვენ ტურიზმში გაქვს, ის მოლოდინები, რომელიც კერძო სექტორთან ერთად გაქვს წლის ბოლოსთვის გამართლდება. 

ყურის ქვეყნები ახსენეთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიგიძღვით გალფის ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით, ანუ ჯერ კიდევ კერძო სექტორში მუშაობისას თქვენ ამ მიმართულებით მართლაც ბევრი გააკეთეთ, რა ვითარებაა დღეს, გალფის ტურისტებისთვის საქართველო ისევ მიმზიდველ მიმართულებად რჩება?

- ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი რეგიონია და საერთაშორისო ტურიზმის დინამიკაც ამას ადასტურებს. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ სამაგალითო ევროპულ ქვეყნებზე, ყველა ცდილობს, რომ გააძლიეროს მარკეტინგული კამპანიები ყურის ქვეყნებში, რადგან ეს ქვეყნები გამოირჩევა 3 ძირითადი მახასიათებლით. პირველი და უმთავრესი არის, რომ მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი გამყვანი ტურისტი, რომელთაც აქვთ ბინადრობის უფლება, ისევე როგორც მოქალაქეებს რომლებიც ძალიან ხშირად მოგზაურობენ სხვა ქვეყნებში. მეორე არის ის, რომ ეს ადამიანები მოგზაურობენ შედარებით ხანგრძლივი პერიოდით, აქვთ უფრო დიდი საშუალო ღამის თევის ხანგრძლივობა და ხშირად ბრუნდებიან უკან და მესამე, ეს არის მაღალი მსყიდველუნარიანობა. მათ აქვთ დიდი წვლილი შეტანილი რიგი ქვეყნების, მათ შორის შემოსავლების კუთხით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში.

აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაკლებთ ძალისხმევას, მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ სწორად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ვიყოთ მუდმივად მოთხოვნადი მიმართულება, რადგანაც საკმაოდ მაღალია კონკურენცია ტურიზმის გლობალურ სექტორში.

ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს თავისი წილი და ცნობადობა ყურის ქვეყნებში და ბუნებრივია, რომ ეს ჩვენთვის ისევე როგორც ბიზნესისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ ვიყოთ სასურველი მიმართულება, რომელსაც აირჩევენ და უპირატესობას მიანიჭებენ ამ რეგიონიდან.

მეორეს მხრივ ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ავიაციას ტურიზმის ინდუსტრიაში და ჩვენი წარმატების მთავარი ფუნდამენტი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა ძალიან სწორი მიდგომა, როდესაც ჩვენ გავამარტივეთ სავიზო რეჟიმი ყურის ქვეყნებთან მიმართებაში. იცით, რომ მათი მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან უვიზოდ. ასევე ბინადრობის მქონე პირებიც ჩვენ ქვეყანაში ჩამოდიან უვიზოდ.

ერთის მხრივ მარტივდება ქვეყანაში მოგზაურობა, რადგანაც ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურები გამოირჩევიან განსაკუთრებული უსაფრთხოებითა და მსყიდველუნარიანობით. პირდაპირი ფრენები არის ის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომელიც გაზრის ტურისტული ნაკადების გადმოყვანას ჩვენს ქვეყანაში.

დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად, არ არსებობს ქვეყანა საიდანაც პირდაპირი ფრენა არ გვაქვს, მათ შორის როდესაც ყურის ქვეყნებზე ვსაუბრობთ, გვაქვს ძალიან მზარდი სიხშირეები. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საუდის არაბეთის 4 მიმართულებიდან ხდებოდა ფრენები ჩვენს ორ საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში საშუალოდ 45 სიხშირით.

ზუსტად ეს არის ის ინდიკატორი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაკეთებთ კამპანიებს, ვმუშაობთ კერძო სექტორთან, ვხვეწავთ ტურისტულ პროდუქტებს. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილ მოთხოვნას პასუხობდეს გაზრდილი, ან არსებული პირდაპირი ფრენები იმისთვის, რომ რასაც ვაკეთებთ. ვხარჯავთ, რათა ქვეყანამ შესაბამისი უკუგება მიიღოს.

მნიშვნელოვანია, ჩვენი ძალიან ახლო და სტრატეგიული თანამშრომლობა ავიაკომპანიებთან. მათ ძლიერი ბაზა აქვთ თავიანთ ქვეყნებში და ძალიან ბევრ საერთო კამპანიებსაც ვაკეთებთ. გულწრფელი უნდა ვიყო, რომ ავიაკომპანიებიც ძალიან დიდი ფინანსურ რესურს დებენ იმაში, რომ საქართველოს ცნობადობა გაზარდონ. ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი, კერძო, საჯარო თანამშრომლობის მაგალითია ყურის ქვეყნებისა და ევროპულ ავიაგადამზიდავებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენს ქვეყნის ტურიზმსა და ავიაციაში სტატისტიკა ყოველი თვე წინა თვეზე უკეთესია.

მინდა ჩაგეკითხოთ ახალ ავიაკომპანიებთან მიმართებით, რომელიმე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების ფინალში თუ ვართ და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?

- მიმდინარე წელს ჩვენ, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად სამი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გავხსენით: პირველი ინდოეთია. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ უკვე გაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ინდოეთთან, დელის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხი, თუ კი ჩვენს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს კითხავდით. ყველა ერთმნიშვნელოვნად გვთხოვდა დახმარებას, რომ ინდოეთთან პირდაპირი ფრენები დანიშნულიყო. ერთის მხრივ მათი თხოვნა შესრულებულია და ძალიან დადებით დინამიკებს ვხედავთ, რადგანაც ინდოეთი ჩვენთვის ნამდვილად არის ახალი ტურისტული მიმართულება, რომელიც ემსახურება დივერსიფიკაციის სტრატეგიას.

მეორეს მხრივ იცით, რომ ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტული ნაკადები ასევე მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქმიან ტურიზმზე, ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმის დარგისთვის, ინდოეთი ამ სპეციფიკით განსაკუთრებით ძლიერია.

გაქვს მოლოდინი, რომ საკმაოდ ღირსეული ნიშას დავიმკვიდრებთ ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე. ტაილანდიდან ხორციელდებოდა პირდაპირი საჰაერო ფრენები და ვხედავდით, რომ რეისები საკმაოდ მაღალი დატვირთულობით სრულდებოდა და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონზეც შესრულდეს ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი მთავარი პარტნიორია Wizz Air-ი, რომელთან ერთადაც დავასრულეთ წარმატებით მოლაპარაკებები და მაღალი მოლოდინის გათვალისწინებით კოპენჰაგენის მიმართულება დაემატა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 28 ევროპული მიმართულებით ვახდენთ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას და ვიღებთ ევროპელ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში. მინდა ეს სამი მიმართულება გამოვყო, რამაც კიდევ ახალ ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი ქვეყანა. პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გაქვს კიდევ რამდენიმე მიმართულება დარჩენილი სადაც გვინდა, რომ გვქონდეს პირდაპირი ფრენები.

ლონდონი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია. ლონდონის მთავარი აეროპორტი, ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ძვირია. ეს არის შორი მანძილის ფრენა და ავიაკომპანიების საოპერაციოდ საკმაოდ მაღალი ხარჯების მქონე მიმართულება გამოდის.

მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ სჭირდებათ ვიზა ბრიტანეთში სამოგზაუროდ, რაც გარკვეულ დროსთან და ფინანსებთანაცაა დაკავშირებული. ვიზის მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ავიაკომპანიები უყურებენ ორმხრივ მგზავრთნაკადს იმისთვის, რომ მათ გაამყარონ თავისი ფინანსური მოდელი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თბილისიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ ბრიტანეთში ჩვენი ტურისტული პროდუქტის წარდგენასა და პოპულარიზაციაზე. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონკრეტულ ავიაკომპანიებთან და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს მომავალში კერძო სექტორსა საზოგადოებას პოზიტიური ინფორმაციით დავუბრუნდებით.

მინდა გკითხოთ ჩინეთის ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა.

- ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და გადაწყვეტილება აქვს საქართველოს მთავრობას, რაც კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე და კონკრეტულად ტურიზმსა და ავიაციაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ტურიზმის კერძო სექტორმა ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება დადებითად შეაფასა. ჩვენ ყველას გვესმის, იმ ადამიანებს ვინც ტურიზმის სექტორში ვოპერირებთ პირველი და უმთავრესი არის სავიზო პოლიტიკის შერბილება.

თითქოს ანალოგიურ შერბილებაზე არის საუბარი ინდოეთთან მიმართებითაც.

- საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის ქვეყანა. ძალიან ცოტა ქვეყანაა დარჩენილი, რომელთანაც ჩვენ დღეს შეიძლება სავიზო რეჟიმი გვქონდეს. 80-ზე მეტ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ. თუმცა დღეს არსებობს რამდენიმე ქვეყნა, სადაც სავიზო პოლიტიკა კვლავ აქტუალურია, მაგალითად ინდოეთი.  ჩვენ გაქვს სამი ოფცია რასაც ინდოელ მგზავრებს ვთავაზობთ. პირველი ეს არის საელჩოების და საკონსულოების პლატფორმა, სადაც შეუძლიათ რომ ვიზა აიღონ. მეორე - მეტი გამარტივებისთვის და მეტი გამტარუნარიანობისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა ელექტრონული ვიზების პლატფორმა, სადაც ყველა მგზავრს, მოგზაურს შეუძლია, რომ ვიზის აპლიკაცია შეავსოს და ასევე ელექტრონულად მიიღოს დადებითი თუ უარყოფითი პასუხი. მესამე, თუ კი ინდოეთის მოქალაქეს აქვს ვალიდური ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, ან ევროპული შენგენის ზონაში შემავალი, რომელიმე ქვეყნის ვიზა ისინი საქართველოში ჩამოდიან უვიზოდ. შესაბამისად დღეს გვაქვს პირდაპირი რეისები, ჩამოდიან ინდოელი ვიზიტორები. ვხედავთ, რომ მზარდია ეს ნაკადი სასტუმროებში, ქუჩაში. ეს განპირობებულია იმით, რომ უმეტესი მათგანი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან ან ელექტრონული ვიზებით, ან ვალიდური ამერიკის, კანადისა თუ შენგენის ზონის ვიზებით.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ამას ყოველთვის ვიყენებთ, როგორც ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას. ესეც არის მამოძრავებელი ძალა და მიზეზი თუ რატომ იზრდება ასე სწრაფად მგზავრთნაკადი თუ ტურისტული ნაკადები.

არ დავმალავ, რომ ეს ინსტრუმენტი ავიაკომპანიების მხრიდან ყოველთვის დადებითადაა შეფასებული, რადგან ხედავენ, რომ მგზავრს შეუძლია სწრაფად, მოქნილად მიიღოს გადაწყვეტილება და იმოგზაუროს საქართველოში ისე, რომ მათ არ დასჭირდეს ბიუროკრატიული ეტაპების გავლა, ვიზის აპლიკაციის შევსება და ლოდინი.

საქართველომ შექმნა ისეთი გარემო, სადაც ჩვენ უბრალოდ გვჭირდება პირდაპირი რეისები და რა თქმა უნდა შიგნით უნდა ვიზრუნოთ ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, და უბრალოდ იმაზე, რომ დავარწუმნოთ ტურისტი, რომ 4 სეზონის განმავლობაში აირჩიონ საქართველო. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ უბრალოდ სჭირდებათ პასპორტი, პირდაპირი რეისი და ისინი საქართველოში მეორე დღესვე ჩამოდიან. 

ეს არის ჩვენი იდეოლოგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ იდეოლოგიას და ამ ინსტრუმენტს ემატება ის, რომ საქართველო განაგრძობს ყოველწლიურად იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულება. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ყურის ქვეყნებზე ეს არის ნომერ პირველი კითხვა, ნომერ პირველი კრიტერიუმი, რის გამოც საქართველო ყოველთვის ხვდება მათ მიერ არჩეულ მიმართულებს შორის, რადგან უსაფრთხოება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

ბუნებრივია ვერანაირი მარკეტინგი, ვერანაირი ქმედებები ვერ უშველის უსაფრთხოების თუნდაც მცირედით შერყევას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სტაბილურად უსაფრთხო ქვეყანას რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების, ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ პირდაპირი რეისები ბრიტანეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან ერთად, რომ მომხდარიყო თუმცა ჩვენი საუბრით ვუახლოვდებით ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მთავრობის საკმაოდ ამბიციური გეგმაა, ვგულისხმობ თბილისის ახალ აეროპორტს. სად ვართ ამ კუთხით და რა მოლოდინები გვაქვს?

- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი არის საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ რეგიონისთვისაც. რადგანაც ჩვენი მიდგომა და ჩვენი ხედვა არის ტრადიციულზე მეტად ამბიციური. რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გვქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც იქნება არამხოლოდ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო არამედ მსოფლიოში.

რას გულისხმობს ეს ამბიცია, ერთი მხრივ რა თქმა უნდა აეროპორტმა უნდა უზრუნველყოს გამართული ოპერირება, უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს რასაც საერთაშორისო და შიდა მოგზაურები, მგზავრები აყენებენ. ეს არის გრძელვადიანი პროექტი და როდესაც ჩვენ ვიწყებთ ასეთ პროექტზე ფიქრს, ისე უნდა იყოს დაგეგმარებული, რომ მომდევნო 25-30 წლის განმავლობაში პასუხობდეს მგზავრებისა და საოპერაციო მოთხოვნებს. გავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას მივაქცევთ ვიზუალურ არქიტექტურულ მხარეს.

იქიდან გამომდინარე, რომ აეროპორტი უნდა იყოს  ქვეყნის მნიშვნელოვანი სახე, რადგანაც აეროპორტი კარიბჭეა ქვეყანაში ჩამოსვლისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულად წარმოადგინოს აეროპორტმა ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე და მხარე. სწორედ იმ დინამიკიდან და განვითარების იმ ტემპიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას აქვს, ყველამ კარგად იცის, რომ  თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სჭირდება განვითარება და გაფართოება, რათა გამოწვევებს ვუპასუხოთ.

ერთის მხრივ ჩვენს გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმა, რომელიც შემუშავებულია არსებული ოპერატორის მხრიდან. შედეგად ჩვენ უკვე ვიცით ის შესაძლებლობები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაფართოების შემთხვევაში აქვს, მაგრამ ამავდროულად ვიცით რა არის ის შეზღუდვები, რაც არსებულ აეროპორტს აქვს. ვიცით რა არის ის მაქსიმუმი, სადაც გაფართოების შემთხვევაში აეროპორტი ვეღარ განვითარდება.

სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა და მოკვლევა ალტერნატიული ადგილისა, რომ სწორი შედარება გაგვეკეთებინა და სახელმწიფომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, სახელმწიფოებრივად რა იქნება უფრო სწორი - მოხდეს არსებული აეროპორტის შემდგომი გაფართოება თუ აშენდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე.

დღეს ჩვენ ვაწარმოებთ კვლევით სამუშაოებს ვაზიანის ტერიტორიაზე,  როგორც ტექნიკური, ასევე  ეკონომიკური მიზანშეწონილობის კუთხით. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მზად გვექნება როგორც ტექნიკური ისე ეკონომიკური კვლევა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაადაროს ეს ორი პროექტი ერთმანეთს და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელია ქვეყნისთვის სწორი გზ ა და სწორი არჩევანი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის დინამიკა, ის განვითარების გეგმა ის ამბიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არამხოლოდ ტურიზმსა ან ავიაციაში ზოგადად, აეროპორტმა უნდა უპასუხოს ყველა ამ ამბიციას. შესაბამისად, გვინდა ისეთი აეროპორტი, რომელსაც დიდი გამტარუნარიანობა ექნება. ჩვენ შევძლებთ აეროპორტის ტერიტორიაზე ქართველი მეწარმეებსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ განავითარონ კარგო ტერმინალები, კვების ობიექტები, ტექნიკურ ლოგისტიკური ცენტრები, წარმოება და ასე შემდეგ, რომ შევქმნათ ერთიანი ეკოსისტემა და გამოვიდეთ იმ პრიზმიდან, რომელიც გულისხმობს რომ აეროპორტი მხოლოდ მგზავრზე მორგებული უნდა იყოს.

ჩვენ გვინდა სწორი ჯაჭვი იმისთვის, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი ნებისმერი არჩევანის შემთხვევაში იყოს ლოგისტიკური და ტრანზიტული ცენტრი. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაფართოოთ ტრანსპორტის ეს მიმართულება და ვნახოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი, ვნახოთ მეტი ქართული კომპანია ჩვენს საერთაშორისო აეროპორტში, ვნახოთ მეტი დასაქმების ადგილი და ცხადია ვნახოთ მეტი მილიონობით მგზავრი ქვეყანაში, რომელიც ჩვენს ახალ აეროპორტს გამოიყენებს არამხოლოდ საქართველოში ჩამოსასვლელად არამედ ტრანზიტისთვისაც.

აეროპორტი მართლაც არის ქვეყნის სახე და გარკვეულწილად ქვეყანაზე შთაბეჭდილებასაც ვიქმნით ხოლმე. კარგია, რომ არჩევანის საშუალება გაქვს. მინდა შიდა ფრენებზე და შიდა ავიაციის განვითარებაზეც გკითხოთ, როგორც ვიცით უკვე გამოცხადებულია ტენდერები „მიმინოს" აეროდრომის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაზე და ასევე შენობის დიზაინზე.

- ზოგადად ავიაციის კუთხით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. როდესაც ახალ აეროპორტზე ვსაუბრობთ ამ პროცესში რომელი გზაც არ უნდა ავირჩიოთ საქართველოს მთავრობა აპირებს ითანამშრომლოს ისეთ მსოფლიო დონის კომპანიებთან, არქიტექტორებთან, რომელთაც აქვთ მსოფლიოში გაკეთებული საუკეთესო აეროპორტები. რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ იქნება ტენდენციური მომდევნო წლებში. აშენდება ლამაზი აეროპორტი, იქნება ქმედითი და ეს არის ის გზა, რასაც საერთაშორისო და ასევე შიდა აეროპორტების განვითარებისთვის მუდმივად გამოვიყენებთ.

თელავის აეროპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური სიახლე, რომელიც ავიაციის დარგის იმ წარმომადგენლებისთვისაა, რომლებიც კახეთის რეგიონში ოპერირებენ. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ბოლო წლებში ყველაზე აქტუალური საკითხი.

„მიმინოს" არსებული ტერიტორია დღეს არ არის ქმედითი, რომელსაც შემდგომში სხვა სახელი ერქმევა. ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, რომ სწორად დავგეგმოთ თელავის აეროპორტის განვითარება. ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ გვაქვს ღირსეული და სწორი ამბიცია იმისთვის, რომ თელავში გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო შიდა აეროპორტი რომელსაც ვაგეგმარებთ სამომავლოდ, როგორც საერთაშორისო აეროპორტს. სტანდარტი უპასუხებს საერთაშორისო აეროპორტის მოთხოვნებს.

ეს გეგმა მნიშვნელოვანია....

დიახ, ეს გეგმა მნიშვნელოვანია თანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე. დღეს დაგეგმარება ხდება საერთაშორისო აეროპორტის სტანდარტებით. თელავში გვექნება საწყის ეტაპზე 1,7 კილომეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, იმისთვის, რომ მოვემსახუროთ დიდი ზომის ხომალდებს. გვექნება ახალი სამგზავრო ტერმინალი. კერძო სექტორისთვის მიმდინარე პერიოდში გამოცხადებული გვაქვს კონკურსი, დაველოდებით არქიტექტორებისგან შემოთავაზებებს. ტერმინალი იქნება ტევადი და 50 ათას მგზავრზე იქნება გათვლილი და მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტის დამატებით, ჩვენ საავიაციო ინფრასტრუქტურაში შევქმნით ახალ ჯაჭვს.

იდეა არის ის, რომ თელავი და კახეთი, როგორც რეგიონი ოთხი სეზონის განმავლობაში დავაკავშიროთ ყველა საერთაშორისო აეროპორტთან. განსაკუთრებით ქუთაისთან, ისე როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. დავაკავშიროთ ყველა შიდა აეროპორტთან, მათ შორის რაჭასთან, ასევე სვანეთთან ოთხი სეზონის განმავლობაში.  მაგალითად ზაფხულში, თუკი ტურისტი  ჩამოვა ბათუმში დუბაიდან 3-4 დღით და არის პარასკევი-კვირის ფრენა და თუ არ იქნება შიდა ფრენების სერვისი, ტურისტი მარტივად მოხვდება კახეთში. ტურისტს შეუძლია დილას გადაფრინდეს კახეთში, დარჩეს საღამომდე და ისევ გადმოფრინდეს ბათუმში. შესაბამისად ტურისტი სხვადასხვა სერვისებს ყიდულობს, შედის რესტორანში, აგემოვნებს ჩვენს ღვინოს. მისი ეკონომიკური გავლენა, ბათუმის შემდეგ გადადის კახეთზე.

სახეზე იქნება აჭარული ხაჭაპურისა და კახური ღვინის კომბინაცია...

ასვე შესაძლებელი იქნება, რომ ტურისტები პირდაპირ კახეთში ჩავიდნენ და შიდა ფრენის სერვისის შედეგად სურვილის შემთხვევაში თოვლზე სასრიალოდ ჩავიდნენ სვანეთში. ასევე შესაძებელი იქნება, რომ სვანეთიდან ტურისტი ოპერატიულად, სულ რამდენიმე წუთში მოხვდეს რაჭაში, ან რაჭიდან კახეთში, შემდეგ ბათუმში ან თბილისში.

ეს არის ის ჯაჭვი, რომელსაც ჩვენ 2024 წლიდან ვიხილავთ ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიაში.

საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს შიდა ფრენების მხარდაჭერას.  2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საკმაოდ მოცულობითი თანხა 10 მილიონი ლარი, იმისთვის, რომ შევისყიდოთ შიდა ფრენები. შესაბამისად მთავრობამ განაგრძოს სუბსიდირება. შიდა ფრენები ფუფუნების საგანია და რომ არა მთავრობის სუბსიდირება, ავიაბილეთები ეღირებოდა უფრო ძვირი.

სწორედ ამიტომაც სუბსიდირების პაკეტის გათვალისწინებით, მოგზაურობა შიდა აეროპორტების მეშვეობით არის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა გავზარდოთ მობილობა რეგიონებს შორის. ამას სოციალური დატვირთვაც აქვს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც სვანეთში ცხოვრობს, მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და შიდა ფრენებით კავშირი ქვეყნის სხვა ქალაქებთან და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ოთხი სეზონის განმავლობაში დიდ სტიმულს აძლევს ტურისტული ნაკადების მობილობის ზრდას რეგიონებში. 

ბოლოს მინდა გკითხოთ ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით, ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით. ამ კუთხით გამოცდილება უკვე არის, ვგულისხმობ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას. ფრისტაილისა და სნოუბორდის საერთაშორისო რუკებზე საქართველო უკვე მოინიშნა. ამ მიმართულებით გადავედით ახალ ეტაპზე და გარკვეულწილად შევდივართ კონკურენციაში. სად ვართ ამ კუთხით და ვინ არიან ჩვენი ძირითადი კონკურენტები?

საქართველო ჩაჯდა საერთაშორისო კალენდარში. ამ ოფიციალურ სიაში ვხედავთ ისეთ კურორტებს როგორიცაა შვეიცარიის ცერმატი, რომლის შემდეგაც სიაშია გუდაური...ცერმატი და ბაკურიანი და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომ ამ კურორტების გასწვრივ, თანაბრად და ამაყად საერთაშორისო კალენდარში დღეს ვხედავთ გუდაურსა და ბაკურიანს

რა თქმა უნდა მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო ორივე კურორტისთვის. ერთის მხრივ ჩვენ ვიყავით მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენილი „აითიბი ბერლინზე“, რომელიც ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის ტურისტული გამოფენაა, რამაც დადებითი კუთხით შეცვალა ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება. ამან გაგვაძლიერა ევროპულ ტურისტულ ბაზარზე, განსაკუთრებით გერმანიაში. მეორე მხრივ ჩვენ ვუმასპინძლეთ სპორტის კუთხით ყველაზე დიდ ღონისძიებას, სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში.

ჩემპიონატისთვის ჩვენ რამდენიმე წლიანი სამზადისი გვქონდა. საქართველოს მთავრობამ 300 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე იმისთვის, რომ შეექმნა ისტორიული და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სათხილამურო ინფრასტრუქტურა.

დღეს ბაკურიანს აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ისეთი, როგორსაც ნახავთ შვეიცარიაში, ავსტრალიასა და იტალიაში და მაღალი რანგის კურორტებზე.

ჩვენ შევქმენით მომავლის ინფრასტრუქტურა, რომელიც მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოემსახურება. ასევე ბაკურიანში ავაშენეთ ტბის ორი ხელოვნური რეზერვუარი, იმისთვის რომ კურორტს ჰქონდეს თავისი წყალი, რითაც მოამარაგებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემას.

ბაკურიანში დავამონტაჟეთ 34 კილომეტრზე მეტი მოცულობის გათოვლიანების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური სისტემა ყველა ტრასაზე ფუნქციონირებს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა არის უკიდურესი საჭიროების ფუფუნების საგანი კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ბაკურიანმა შეძლოს და თვითმყოფადი იყოს თოვლის წარმოების კუთხით თუკი ბუნებრივად ამის შესაძლებლობა არ იქნება.

ჩვენი მთის ტრასების კომპანიას ჰყავს მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც შეძლეს და უშუალო ჩართულობით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტებით ააშენეს ახალი ტრასები, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა და ფედერაციასთან ერთად შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლესი შეფასებით ჩაეტარებინათ.

სწორედ ამ უმაღლესმა შეფასებამ განაპირობა შემდგომში ის, რომ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ ინსპექცია გუდაურსა და ბაკურიანში და სვანეთში. საქართველომ დაიმკვიდრა დღეს და მომდევნო წლების განმავლობაში თავისი ღირსეული ადგილი საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატების ბაზარზე.

2024 წელს პირველად გუდაურსა და ბაკურიანში მსოფლიო თასების ჩემპიონატი ჩატარდება და სვანეთში გვექნება მნიშვნელოვანი ჩემპიონატი. ეს ერთის მხრივ აღიარებაა, რომ ჩვენი მთები და ინფრასტრუქტურა შეესაბამება შეფასებისას არსებულ კრიტერიუმებს და მეორე მხრივ ეს არის დამატებითი აღიარება ჩვენი ადამიანური რესურსის, მათ შორის მთის ტრასების კომპანიის, კერძო სექტორის, რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ისეთივე სტანდარტით ვუმასპინძლოთ ისეთ ღონისძიებებს, რომელსაც საფრანგეთში კუშაველი ჩვენამდე ერთი კვირით ადრე მასპინძლობს.

ამას თან სდევს ცნობადობის ზრდა, მარკეტინგული დაფარვა. ჩამოდის ძალიან ბევრი ვიზიტორი. დამკვირვებლები და ჟურნალიტები რჩებიან სასტუმროებში, იყენებენ სერვისს, ხარჯავენ ფულს და ტურისტული ეკოსისტემა ამ პერიოდში დიდ სარგებელს იღებს ფინანსურად და მეორეს მხრივ კურორტების ცნობადობის კუთხით ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

2024 წელი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი, რადგან მსოფლიო თასების შეჯიბრი ჩატარდება ბაკურიანსა და გუდაურში. ასევე საქართველომ მოიპოვა სტატუსი, რომ იყოს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს 38-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რის ფარგლებშიც ჩვენ მოვიპოვეთ ეს სტატუსი და 2024 წლის სექტემბერში საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები