დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, მსოფლიოში ერთ-ერთი სასურველი ტურისტული ბაზარი ავითვისოთ - მაია ომიაძე ჩინეთზე

ჩვენი მიზანია, მსოფლიოში ერთ-ერთი სასურველი ტურისტული ბაზარი ავითვისოთ - მაია ომიაძე ჩინეთზე

2023-10-05 16:10:09

ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტურისტული ბაზარი გაიხსნა და ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ. ჩინეთ-საქართველოს შორის მეტი პირდაპირი ავია რეისების ორგანიზებისთვის კი ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი 13 ოქტომბრიდან სიხშირეებსაც ზრდის. 

როგორც Business Insider Georgia-თან საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ჩინელი ტურისტები მთელი მსოფლიოსთვის სასურველი ტურისტები არიან და მომავალი წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას დაიწყებს, რათა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს.

„ჩინელი ტურისტები მთელი მსოფლიოსთვის სასურველი ტურისტები არიან. რადგან ისინი ხანგრძლივად მოგზაურობენ და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხებს ხარჯავენ. მათ აქვთ განსაკუთრებული სამომხმარებლო ტურისტული და სამოგზაურო  თვისებები. ის პროდუქტები, რაც საქართველოს ტურისტულ პაკეტშია მათთვის საინტერესოა, ვინაიდან სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჩინეთში“, - ამბობს მაია ომიაძე. 

მისივე თქმით, პირდაპირი ავიარეისები ჩინეთთან ორ ქვეყანას შორის აქტივობას კიდევ უფრო გაზრდის. „მომავალი წლიდან უკვე ძალიან აქტიურად ვგეგმავთ ჩინურ ბაზარზე როგორც ქართული ტუროპერატორების, ტურისტული კომპანიების წაყვანას, მათთვის საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას, კამპანიებს. ასევე ჩინელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების საქართველოში ჩამოყვანას, ქართული კულტურის გაცნობას. ჩვენი მიზანია, ასევე ორი ქვეყნის ბიზნესების დაკავშირება, რის შედეგადაც საქართველოში მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვა, გაეცნობა ქართულ კულტურას, ქვეყნის ბუნებას. ამით საქართველო კიდევ ერთხელ შეძლებს, რომ ქართულმა ბიზნესმა რეალურად აითვისოს მსოფლიოში ერთ-ერთი სასურველი ტურისტული ბაზარი“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა.

„ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი“, - განაცხადა მინისტრმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები