დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom: 2023 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 15 მილიონით გაიზარდა

ComCom: 2023 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 15 მილიონით გაიზარდა

2024-02-08 16:24:00

2023 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18.8%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელს 18.6%-ით, კერძოდ კი, 13.7 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის შემცირებული, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1.4%-ით გაიზარდა.

 

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წელს „ტელეიმედს" ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 2022 წელთან შედარებით, 8.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 33.7 მილიონი შეადგინა. 4.5 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2"-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 13.7 მილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება „მთავარ არხს", გასულ წელთან შედარებით, მისი შემოსავალი 2.2 მილიონით შემცირდა და 7.9 მილიონი შეადგინა. 2.5 მილიონით მეტი მიიღო „პოსტვ"-მ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წელს 7.4 მილიონი ლარი იყო.

 

ტელეკომპანია „ფორმულას" სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით შემცირდა და 5.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა", რომლის შემოსავალმაც 5.3 მილიონი ლარი შეადგინა. 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს შემოსავალიც, რომელიც 3.3 მილიონი იყო. 1.3 მილიონი ლარით მეტი მიიღო "ბი-ემ-ჯიმ" და მისი შემოსავალი 2023 წელს 3.2 მილიონს გაუტოლდა. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" კი, გასულ წელთან შედარებით, 0.7 მილიონით ნაკლები, კერძოდ, 2.4 მილიონი ლარი მიიღო. 0.03 მილიონი ლარით შემცირდა „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის" შემოსავალი და სულ 0.4 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 4.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

 

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი სპონსორობაზე მოდიოდა.

 

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები