დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის თანაორგანიზებით უსაფრთხო ინტერნეტის კონფერენცია გაიმართა

ComCom-ის თანაორგანიზებით უსაფრთხო ინტერნეტის კონფერენცია გაიმართა

2024-02-12 15:31:00

კომუნიკაციების კომისიის, ISOC-საქართველოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის წლევანდელ თემას „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის" წარმოადგენდა. ღონისძიება მიზნად ქვეყანაში ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების წახალისებას და ამ მიმართულებით, უწყებათა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა თუ მოსაზრებების გაზიარებას ემსახურებოდა. შეხვედრა ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ინტერნეტ საზოგადოების დირექტორთან, ქეთევან რეხვიაშვილთან და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან, ეკა ყუბუსიძესთან ერთად გახსნა და კომუნიკაციების კომისიის როლზე, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში და იმ უზარმაზარ სიკეთეებთან ერთად, რომელიც მას თან ახლავს, გაჩნდა ისეთი დამაზიანებელი გამოწვევებიც, როგორებიცაა კიბერბულინგი, ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. ადამიანებს უჭირთ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის განსხვავება, კიბერბულინგისგან თავდაცვა და სხვა. მართლაც, ინტერნეტი პროგრესული მოვლენაა, თუმცა მისი გამოყენება შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და რისკებს, რომლის შესახებაც ყველა მომხმარებლის ინფორმირება აუცილებელია." - განაცხადა ComCom-ის წევრმა და მონაწილეებს ამ მიმართულებით კომისიის როლი და ფუნქცია გააცნო: „ჩვენი ამოცანაა შევქმნათ უკეთესი და უსაფრთხო ინტერნეტ-სივრცე, ასევე, გავზარდოთ ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხი და რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში." - აღნიშნა მან. „როგორც უკვე მოგახსენეთ, არაფორმალური განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ, უკვე დავიწყეთ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესიც. ის, რომ დღეს მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი ისწავლება სკოლებში - აქამდე არ ყოფილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რაც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.  ანალოგიურად უმაღლეს განათლებაში - ჩვენი ძალისხმევით, უკვე საქართველოს ორ უნივერსიტეტში ისწავლება მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, კიბერჰიგიენა, კიბერეთიკა და ამ მიმართულებით, ვაგრძელებთ მუშაობას სხვა უნივერსიტეტებთანაც." - განაცხადა ნათია კუკულაძემ და საუბრის დასასრულს, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის პროექტები, რომლებიც ასევე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მხარდასაჭერად ხორციელდება, კიდევ უფრო დეტალურად ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ მიმოიხილა. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის" პროგრამას, რომელიც Log-in Georgia-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მოსახლეობისთვის ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების სწავლებას ემსახურება. მისი თქმით, პროექტის მეშვეობით საქართველოს 135 სოფლის 3500 მოსახლე ციფრულ წიგნიერებაში გადამზადდა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მარიამ დახუნდარიძემ მიმოიხილა, მოზარდებისთვის შექმნილი თამაში „Happy Onlife"-ია. თამაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციას ასწავლის. „აპლიკაციას დღემდე 15000-ზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს, გადამზადებული გვყავს 4500 მოსწავლე და ტრენინგები ჩატარებული გვაქვს 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში" - აღნიშნა მან, რის შემდეგაც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი პროექტი მიმოიხილა: „გამარჯობა რუბი არის ფინელი ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, რომლის ძირითადი ამოცანა მოზარდებისთვის კომპიუტერული მეცნიერების საწყისების შესწავლაა. „გამარჯობა რუბის" 17500 წიგნი 80-მდე სკოლას გადავეცით და 6000-მდე მოსწავლე აღნიშნული წიგნებით სწავლობს." - განაცხადა მარიამ დახუნდარიძემ. საუბრის დასასრულს, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მედიაწიგნიერების ეროვნული პლატფორმაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ვებ-გვერდზე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული 100-ზე მეტი საგანმანათლებლო რესურსია ხელმისაწვდომი.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა, უჩა სეთურმა, რომელმაც საქართველოს ინტერნეტ ბაზარსა და მის ძირითად გამოწვევებზე იმსჯელა: „ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს - დაუტვირთავია იმიტომ, რომ ბაზარზე შენარჩუნებულია მაღალი ფასები და გარკვეულწილად მონოპოლიური მდგომარეობა" - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ბაზრის გახსნის მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს რევოლუციური ცვლილება იქნება და ოპერატორებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს: „პირველ რიგში, ჩვენ ვართ ის სეგმენტი, რომელიც ვგრძნობთ კონკურენციის გამოწვევებს და ბაზარზე არსებულ ყველა პრობლემას. იმედი გვაქვს, რომ მალე გარკვეული არსებითი ცვლილებების დაანონსების შესაძლებლობა გვექნება." - განაცხადა უჩა სეთურმა.

 

შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა მხარეებმა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ინტერნეტსამართალი, პერსონალური მონაცემების დაცვა, კიბერუსაფრთხოება, კიბერჰიგიენა და აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული პროექტები თუ სამომავლო გეგმები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები