დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ალტერსოქსი“ საფრანგეთისა და იტალიის ბაზრებზე გაყიდვებს ზრდის

„ალტერსოქსი“ საფრანგეთისა და იტალიის ბაზრებზე გაყიდვებს ზრდის

2024-04-29 16:00:00

საფრანგეთისა და იტალიის ბაზრებზე გაყიდვებს ვზრდით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული წინდების მწარმოებელი კომპანია „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.

„იტალიაში კიდევ უფრო მეტად გავფართოვდით და გაყიდვები დავიწყეთ ვენეციაში. მანამდე „ალტერსოქსები“ წარმოდგენილი იყო ფლორენციაში, პიზაში, ლუკაში და ტოსკანის რამდენიმე ქალაქში. ამ სეზონიდან შევედით ვენეციის სუვენირების მაღაზიებში, ტურისტულ ადგილებში იყიდება „ალტერსოქსი“. ასევე გაყიდვების მაჩვენებელი გავზარდეთ საფრანგეთში, რივიერაზე იყიდება ჩვენი ნაწარმი, ხოლო მომდინარე სეზონზე, პარიზის რამდენიმე მაღაზიაშიც გამოჩნდება. ასევე დაგვემატა სანტროპე“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

რაც შეეხება სიახლეებს, „ალტერსოქსმა“ სადა, ერთფერიანი ხაზი გამოუშვა, ასევე კომპანია მუშაობს საბავშვო კოლექციაზე.

„ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის, როგორც საქართველოში, ისე ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი. დღეს „ალტერსოქსი“ 10-მდე საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი. „პანდემიის შემდეგ, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები იზრდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ზრდა ნაკლებადაა. ძირითადად ელექტრონულ კომერციაზე ვართ გადართული და ვცდილობთ, აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე ვიაქტიუროთ. ჩვენს გაყიდვებში 35% უკავია ექსპორტს“, - ამბობს „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, „ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც 8  წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

დღეს „ალტერსოქსი“ თბილისის სავაჭრო ცენტრებში 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

საქართველოში წარმოებული წინდები საკმაოდ წარმატებით იყიდება ევროპის ბაზარზეც

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები