დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ელთ ბილდინგი“ თბილისში Barcelo Group-ის სასტუმროს, აპარტოტელსა და ესპანურ კვარტალს აშენებს - ინვესტიცია ₾150 მილიონია

„ელთ ბილდინგი“ თბილისში Barcelo Group-ის სასტუმროს, აპარტოტელსა და ესპანურ კვარტალს აშენებს - ინვესტიცია ₾150 მილიონია

2024-03-22 13:30:00

ესპანური Barcelo Hotel Group-ი უკვე საქართველოს ბაზარზეა. საქართველოში პირველად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმებისა და უკვე არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ საქართველოში ევროპული ცნობილი სასტუმროთა ჯგუფის Barcelo Hotel Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.

ესპანური კომპანიის წარმომადგენლები თბილისს სტუმრობდნენ, სადაც ქართველ პარტნიორებთან ერთად პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

„ელთ ბილდინგი“-ის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე განმარტავს, რომ ბათუმის შემდეგ თბილისის ბაზარზე შემოსვლა ბიზნესის დივერსიფიცირების მიზნით გადაწყდა, სადაც „ელთ ბილდინგი“ Barcelo Hotel Group-თან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა კი 150 მლნ ლარს აჭარბებს.

„ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიბადა ეს იდეა, რომ რეგიონში შემოგვეყვანა ისეთი ბრენდი, რომელიც წარმოდგენილი არ იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაშიც კი.  ეს არის სასტუმრო ბრენდებს შორის ერთ-ერთი დიდი ქსელი Barcelo Group-ი. 2-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კომპანია შეერჩიათ. პირველი პროექტი, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა. პროექტის ღირებულება ₾150 მილიონზე მეტია, რომელიც მოიცავს ძირითადად 3 სახის პროდუქტს: პირველი ეს არის 150 ნომრიანი Barcelo Group-ის სასტუმრო, მეორე პროდუქტია 300 ნომრამდე აპარტოტელი, რომელსაც საინვესტიციო დატვირთვა აქვს. და მესამე, ერთ ბლოკში განთავსებულია საცხოვრებელი ბლოკი, სადაც ბინის შეძენის შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებენ იმ საერთო ინფრასტრუქტურით, რაც ამ ტერიტორიაზე იქნება განთავსებული“, - ამბობს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“-ის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე.

ამასთან, „ელთ ბილდინგი“-ის დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიამ თბილისის ბაზარზე შემოსვლა დივერსიფიკაციის მიზნით გადაწყვიტა.

„ჩვენი საქმიანობა 7-8 წლის უკან დეველოპმენტში დაიწყო ბათუმში. ამ ქალაქში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ და საკმაოდ დიდი წარმატებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენ საერთაშორისო ბრენდებთან ვმუშაობთ. თბილისის ბაზარზე ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი. ყოველ ერთ წელიწადში დედაქალაქში სულ მცირე ყოველ წელს წარმოვადგენთ ერთ ახალ საინტერესო პროექტს. ბაზრების კვლევიდან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესოა ზუგდიდი, გორი, მარნეული და ქუთაისი“, - ამბობს ელგუჯა თურმანიძე.

Barcelo Hotel Group-ი ესპანეთის ნომერ მე-2 სასტუმროების ქსელია, ხოლო თავისი მასშტაბით მსოფლიოს ტოპ ოცეულშია. ამჟამად Barcelo Hotel Group-ი 250-ზე მეტ 4 და 5 ვარსკვლავიანს სასტუმროს და 55 000-ზე მეტ სასტუმრო ნომერს აერთიანებს, რომლებიც 4 სხვადასხვა ბრენდის ქვეშ 22 ქვეყანაშია განლაგებული.

„მოხარულები ვართ საქართველოში ყოფნით და „ელთ ბილდინგთან“ თანამშრომლობის დაწყებით. მე ესპანურ კომპანიას წარმოვადგენ და ეს საქართველოში ჩვენი პირველი საქმიანი გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან წარმატებული პროექტი გამოგვივა“, - ამბობს ხოსე ქენალს პალოუ - Barcelo Hotels&Resorts -ს რეგიონული დირექტორი

„ეს არის პირველი პროექტი, რომელიც სასტუმროს ხასიათს ატარებს. ეს კერძო პროექტია, რომელიც მხარდაჭერილია ესპანური დიპლომატიური მისიის მიერ. ამ პროექტის წყალობით ესპანეთი საქართველოში უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოს გომესმა.

ქართული და ესპანური კომპანიების კოლაბორაციის შედეგად თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურა შეემატება. „ესპანური კვარტალი“ განსხვავებული შინაარსის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს გააერთიანებს, რომელიც ქალაქის შუაგულში აშენდება და იქ მცხოვრებთ მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამული ხედებით ტკბობის შესაძლებლობას მისცემს.

„ელთ ბილდინგი“ 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო ბაზარზე და კომპანიის შექმნის დღიდანვე განისაზღვრა მისი მთავარი ნიშა. ეს იყო კვარტალური განვითარების გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეშენებინა არამხოლოდ ბინები, აპარტამენტები, არამედ შეგვექმნა სრული ინფრასტრუქტურა ჩვენი მომხმარებლებისათვის და ბინასთან და აპარტამენტთან ერთად მას მიეღო გარემო, საერთაშორისო დონის სერვისები, რომლებიც დანერგილია 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში. სწორედ ამიტომ პირველი გრანდიოზული პროექტი განხორციელდა ბათუმში „ელთ კვარტალი“, რომელიც 9 კორპუსს მოიცავს, საიდანაც ნაწილის მშენებლობა დასრულებულია, დანარჩენის კი მიმდინარეობს. 2024 წლიდან კი უკვე დედაქალაქის ბაზარზეც შემოვედით, სადაც „ესპანური კვარტალი“ გაშენდება, რომელიც მოიცავს 2 ბლოკს. მასში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კომპანია Barcelo Group-ი. იცხოვრო „ესპანურ კვარტალში“ ეს ნიშნავს მიიღო 5 ვარსკვლავიანი სერვისი შენს ბინაში“, - ამბობს Business Insider Georgia-სტან „ელთ ბილდინგი“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვერა აბულაძე. 

„ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე. 2024 წლიდან კი, საქართველოში პირველად, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და უკვე არსებული გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით  ესპანური "Barceló Hotel Group"-ის რჩეული პარტნიორი გახდა ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით.

"ელთ კვარტალი" კომპანიის პირველი და გრანდიოზული პროექტია ბათუმში, რომელიც მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში და მოიცავს 7 ჰექტარ ფართობს, ახალი ბულვარის გასწვრივ, ცხრა კომპლექსისაგან შემდგარი კვარტალში, ერთმანეთს იდეალურად ერწყმის კომფორტული გარემო, დასვენებისა და საინვესტიციო პოტენციალი. კომპლექსი დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერების მიერ "Wyndham Hotels & Resorts"-თან პარტნიორობით.

2024 წლის დასაწყისში კი, უკვე დედაქალაქში, კომპანია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებს წარუდგენს ინოვაციურ "ესპანურ კვარტალს", ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექს ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამულ ხედებით, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის მანძილზე. ესპანური კვარტალი, რომელიც 9,000 კვ. მ-ზე იქნება წარმოდგენილი, გამორჩეული არქიტექტურის მქონე  2 კომპლექსს, განსხვავებული ფართობისა და დიზაინის აპარტამენტებსა და ულამაზეს ტერასებს აერთიანებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები